თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დავით-გარეჯის საქმეზე დაკავებულ ორ პირს, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
განჩინების გამოცხადებას დარბაზში დაკავებულების ოჯახის ხმაური და პროტესტი მოჰყვა. მელაშვილი და ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.
დაკავებულების ადვოკატები სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვდნენ, ვინაიდან საქმე მოცულობითია და მისი გაცნობა ვერ მოასწრეს. ბრალდების მხარე მათ არგუმენტებს არ იზიარებდა და სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ საქმის გადადების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და სხდომა არ გადადო.
„7 ტომს დაახლოებით ერთ საათში უნდა გავცნობოდი, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. დღეს პროცესის ჩატარება ნიშნავს, რომ დაირღვევა ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან ჩვენ არ გვაქვს სათანადო დრო დაცვის უფლების მომზადებისთვის“, – აცხადებდა ადვოკატი.
დაცვის მხარემ, კერძოდ, ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, ივერი მელაშვილის ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
ბრალდებულების მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციაც გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს საქმე „თეთრი ძაფითაა ნაკერი“.
პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.