გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქცია ხვალ 11:00-ზე განახლდება

პუბლიკა

გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეებში სამონადირეო ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აქცია ხვალ, 11:00- დან განახლდება.

„მოვითხოვოთ ერთი უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებთან შეხვედრა, პოლიციასთან ლაპარაკი წარმოუდგენელია. ან უნდა შეგვიყვანონ ხელჩართულ დაპირისპირებაში, ან უნდა ვიდგეთ აქ… ჩვენ თვითონვე სამსახურად უნდა გავიხადოთ ეს პროცესი, რომ შევძლოთ იმის კეთება, რასაც ვაკეთებთ. პოლიციასთან აღარ ვისაუბრებთ, ვითხოვთ, ხვალიდან მინისტრი გამოეხმაუროს ამ პროცესს… 11:00-ზე მივადგეთ კარს და გვითხრან, რატომ ვერ შევალთ ამ შენობაში“, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, პატარა კარავი გაშლილია და მონაწილეთა ნაწილი აქ დარჩება.

მანამდე სამინისტროსთან აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ პასუხს, შეძლებდნენ თუ არა კარვის გაშლას.

პოლიცამ მათ უთხრა, რომ მხოლოდ ქოლგის დადგმის უფლებას აძლევს.

აქციის მონაწილეები სამინისტროსთან მეორე ღამის გათევას აპირებენ. მათ სამინისტროსთან პატარა კარავი წუხელ გაშალეს, დღეს კი მის ნაცვლად მოზრდილი კარვის დადგმა სურდათ.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებთან კომუნიკაციით, კარვის დადგმის შესახებ თანხმობას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა ვარლამ გოლეთიანს უთხრა, რომ ისინი მხოლოდ ქოლგის გაშლას შეძლებდნენ.

გოლეთიანის მოთხოვნაზე, დაესახელებინა კანონი, რომელიც მოქალაქეებს კარვის გაშლას უზღუდავს, ბზიშვილმა მოიხმო შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-9 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს, რომ აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ძალოვანი და პენიტენციური უწყებების შენობებში, რკინიგზის სადგურების, აეროპორტების და პორტების შენობებსა და შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში, სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში და მათი შესასვლელებიდან 100 მეტრის რადიუსში.

ამავე მუხლით აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება.

ასევე, ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია, დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს 20 მეტრისა.

ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორია, სადაც აქციის მონაწილეებს კარვის დადგმა სურს, ზემოთ ჩამოთვლილ არც ერთ პირობას არ ერგება. აქციის მონაწილეები ყურადღებას ამახვილებენ ასევე იმაზე, რომ აქცია კვირას საღამოს, არასამუშაო დღეს და არასამუშაო საათზე ტარდება.

ასევე სერგი ბზიშვილმა გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა პოლიციის შესახებ კანონის 26-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს, რომ პოლიცია უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს ნივთის ფაქტობრივი ფლობა ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თუ იგი პირმა შეიძლება გამოიყენოს საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის ხელყოფისათვის ან სხვისი ნივთის დაზიანებისათვის.

ამის შემდეგ ვარლამ გოლეთიანმა დარეკა საპატრულო პოლიციაში და სახალხო დამცველის აპარატში. ომბუდსმენის წარმომადგენელს გოლეთიანმა სთხოვა, ადგილზე დააკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს.

სახალხო დამცველის აპარატში ვარლამ გოლეთიანს უთხრეს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი ფიზიკურად ადგილზე მისვლით არ აფასებს ვითარებას და აპარატი უკვე სწავლობს ამ საქმეს.

აქციის მონაწილეები სამინისტროს მიმდებარედ კვლავ რჩებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

„ვიდგეთ აქ და ისე გავუძლოთ ამ პროცესს, არ ავყვეთ მათ პროვოკაციაში“, – მიმართა ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს.