გარემოს ეროვნული სააგენტო: 22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევას ვიწყებთ

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში არსებული 22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევას იწყებს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებით, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კლიმატის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე და მომდევნო წლებში მოსალოდნელია ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის მატება, რაც მყინვარებზე უარყოფითი პროცესების გამწვავებას შეუწყობს ხელს.

„როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში შესაძლოა სტიქიური პროცესების განვითარების რისკები გაიზარდოს. მყინვარულ ხეობებში საფრთხეების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით, დასახლებული პუნქტებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის საჭიროა გლაციალური, კასკადური საფრთხეების გამოვლენა და რისკების დეტალური შეფასება, ასევე, რისკის ზონებში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება.

აღნიშნული კვლევების განხორციელება მიზნად ისახავს მყინვარულ ხეობებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული, შესაძლო სტიქიური მოვლენების განვითარებით მიყენებული, უარყოფითი შედეგების მაქსიმალურ შერბილებას“, – წერია სააგენტოს განცხადებაში.

მათი თქმით, კვლევის განხორციელება ორ ეტაპად იგეგმება – პირველი, მყინვარებზე არსებული საფრთხეების განსაზღვრას გულისხმობს, ხოლო მეორე ეტაპი გამოვლენილი საფრთხეების საპრევენციო ღონისძიებების შემუშავებას.

კვლევებს, სააგენტოს ცნობით, ,,მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანია – “GEOTEST AG” შეასრულებს, რომელმაც დევდორაკ-ამალის ხეობაში განვითარებული გლაციალური ღვარცოფის შემდგომ განგაშის სისტემის ინსტალაცია, ასევე კურორტ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შეფასება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება განახორციელა“.