„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ - მთავრობის ახალი კანონპროექტი

პუბლიკა

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მთავრობის სხდომაზე „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი მოიწონეს.

უწყების ცნობით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის უმთავრესი მიზანი გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირებაა. 

სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზით, კანონპროექტის დამტკიცებით, შეიქმნება სამართლებრივი ბაზა, რომლის საფუძველზეც, გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, ყველა საწარმოს  და არა მხოლოდ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებს, ექნებათ ვალდებულება, განახორციელონ შესაბამისი შემცირება/აღმოფხვრის  ღონისძიებები. ამ ღონისძიებების მაქსიმალურად მოკლე ვადაში გასატარებლად, კომპანიებმა/საწარმოებმა, საქმიანობის განხორციელებამდე, უნდა უზრუნველყონ მყარი ფინანსური რესურსის მობილიზება.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობა, მთლიანად აგებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანისათვის მონეტარულ პასუხისმგებლობაზე. გარემოსთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ გადახდილი თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში და მას არა აქვს განსაზღვრული მიზნობრიობა, მოხმარდეს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს დაზიანებული გარემოს აღდგენას. 

მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით,  ახალ კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რაც გულისხმობს ზიანის ანაზღაურებას არა თანხობრივად, არამედ ითვალისწინებს ზიანის შემცირება/აღმოფხვრის ღონისძიებების გატარებას. პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი გარემოს, თავად არის ვალდებული გასწიოს  ხარჯი და გამოასწოროს ზიანის შედეგები.

კანონპროექტის მოქმედება და შემცირება/აღმოფხვრის ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება გავრცელდება გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევებზე, ხოლო უმნიშვნელო ზიანის შემთხვევაში, ოდენობის განსაზღვრა მოხდება „გარემოზე მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შესახებ“  საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიემართება სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე. აღნიშნულ ანგარიშზე აკუმულირებული თანხები მოხმარდება დაზიანებული გარემოს აღდგენას.

კანონპროექტს შემოაქვს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, რაც უფრო ეფექტიანს გახდის მსხვილი სამრეწველო საწარმოების კონტროლის პროცედურებს. ამავდროულად, კანონპროექტს თან ერთვის ცვლილებები სამართალდარღვევათა კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც მაღალი საჯარიმო სანქციები დაწესდება იმ საწარმოებისთვის, რომელიც ატმოსფერულ ჰაერს მავნე ნივთიერებებით დააბინძურებენ.

კანონპროექტის მიღებით ჩამოყალიბდება ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც დაეფუძნება „დამაბინძურებელი იხდის პრინციპს“ და რომლის მიზანიც იქნება გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენცია და აღმოფხვრა/შერბილება და აღდგენა”, – წერს სამინისტრო.