გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა

პუბლიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა, ფოთის სასამართლომ კი გემი სამართალდამრღვევად ცნო და 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.