„გარკვეულ წრეებში საკითხის პოლიტიზირების მცდელობაა" - რას პასუხობს კრიტიკას „ორბი"

პუბლიკა

ორბი ჯგუფმა ბახმაროში ახალი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ავტორი ბრიტანული კომპანია WilkinsonEyre-ის დირექტორი სემ ვრაითია.

„ორბის“ ვებგვერდის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია, რომელიც კომპანიას 1 ლარად გადაეცა, 8 ჰექტარია – 1 ჰექტარზე 350-აპარტამენტიანი სასტუმროს, ხოლო 7 ჰექტარზე რეკრეაციულ-დასასვენებელი სივრცეების აშენება იგეგმება. კომპლექსი 2025 წელს უნდა დასრულდეს.

პროექტს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეებმა მისი შეჩერების მოთხოვნით პეტიცია შექმნეს, ურბანული განვითარების სპეციალისტებმა კი ისაუბრეს შემოთავაზებული პროექტის ნაკლზე.

„ურბანული განვითარების ინსტიტუტი“ ამბობს, რომ პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან; წარმოდგენილი კომპლექსი ამოვარდნილია გარემოს მოცულობითი კონტექსტიდან და ის გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას, რასაც მოჰყვება ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ეკონომიკურ ზარალს; მათივე თქმით, პროექტი არ ითვალისწინებს ქალაქგეგმარებით გამოწვევებს და ადამიანურ მასშტაბს; წარმოდგენილი პროექტი სიგრძის მონაკვეთში აქრობს მთის ხედის აღქმას. ინსტიტუტი დაინტერესდა, არსებობს თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი.

„ბახმაროს გადასარჩენად“ – ეკონომიკის სამინისტროსთვის მიმართვის პეტიციაში, რომელსაც 5 218 ადამიანი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ კურორტი, რომელიც ერთ-ერთ უნიკალურია თავისი ადგილმდებარეობით, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიკროკლიმატით, ავთენტიკური იერსახით და ლანდშაფტით, დღეს საფრთხის წინაშეა. მოსახლეობა არსებული პროექტის შეჩერებას და განხილვაში ფართო ჩართულობას მოითხოვს.

„ეს მასშტაბური და ამბიციური პროექტი, რომელიც კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის, მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება, უსათუოდ გამოიწვევს ჰაერის დაბინძურებას, ფლორისა და ფაუნის ცვლილებას და საფრთხეს შეუქმნის ბახმაროს უნიკალურ ეკოსისტემას, ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე საფარს. ამასთან, ამ პროექტს აუცილებლად ექნება ჯაჭვური ეფექტი, რასაც მოჰყვება მსგავსი კომპლექსების დამატებით მშენებლობა. ბახმაროს განვითარება და კეთილმოწყობა გადაუდებელი ამოცანაა, ეს უნდა მოხდეს სწორად, ადგილობრივ ბუნებრივ და პასტორალურ ლანდშაფტთან შესაბამისად“, – ამბობენ პეტიციის ავტორები.

„ორბი ჯგუფის“ პოზიცია

27 თებერვალს „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა WilkinsonEyre-ის წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას პროექტის დეტალები გააცნო.

„ორბის“ დირექტორის თქმით, პროექტის მიმართ გამოთქმული კრიტიკა არასწორ, დეზინფორმაციულ ფაქტებზეა დაფუძნებული, „გარკვეულ წრეებში საკითხის პოლიტიზირების მცდელობაცაა“.

ძირითადი საკითხები, რომლებზეც „ორბის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ ისაუბრა, ასეთია: კომპლექსი ბახმაროს განვითარების გეგმასთან შესაბამისობაშია; პირველ ეტაპზე საჭირო ნებართვა მიღებულია; საპროექტო ტერიტორია შესწავლილია გელოგიური კუთხით; „ორბი“ გეგმავს 100 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიციას, მშენებლობის და შემდეგ პერიოდში 1000-ზე მეტი ადამიანის გადამზადებას და დასაქმებას; პროექტის განხორციელების შემთხვევაში კურორტს 4 სეზონზე 300 000 ვიზიტორის მიღების შესაძლებლობა გაუჩნდება.

ირაკლი კვერღელიძე ამბობს, რომ „ორბმა“ ბახმაროს პროექტი 7 საერთაშორისო კომპანიას დაუკვეთა, რომელთაგან WilkinsonEyre შეირჩა.

„WilkinsonEyre წამყვანი არქიტექტურული ბიუროა. საზოგადოებაში ბევრჯერ [ითქვა], რომ ასეულში არ შედის, ათასეულში არ შედის… მესმის, შესაძლებელია, არსებობდეს მონაცემები, სადაც კონკრეტული კომპანია ვერ ხვდება ჩამონათვალში, მაგრამ არსებობს სხვა მონაცემები და ჯილდოები, რომელიც ამ კომპანიას აქვს მიღებული და ალბათ, ყველაფერზე პასუხს კონკრეტულ საიტზე ატვრთული ჩამონათვალი კი არ სცემს, არამედ გაკეთებული საქმეები, თუნდაც სინგაპურის ბაღებიდან დაწყებული, ლონდონის ოლიმპიადისთვის ბევრი არქიტექტურული პროექტი, მათ შორის, საკალათბურთო მოედნის დაპროექტების მინდობაა, რომელსაც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა შენობის სტატუსი აქვს“, – განაცხადა კვერღელიძემ კომპანიაზე საუბრისას.

WilkinsonEyre-ის დირექტორმა სემ ვრაითმა თქვა, რომ კომპანია მუშაობს ისეთ პროექტებზე, რომელიც არქიტექტურის და ბუნების ჰარმონიას გულისხმობს და ადგილობრივ თავისებურებებს ინარჩუნებს.

პროექტის წამყვანი არქიტექტორის თქმით, პროექტზე მუშაობის დროს გაითვალისწინეს ბახმაროს ლანდშაფტი, როგორ შეცვლის ეს შენობა ამ ლანდშაფტს და როგორი ზემოქმედება ექნება მშენებლობას გარემოზე.

„ჩვენი რეაგირება გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად გულისხმობს იმას, რომ რამდენიმე მიდგომა იქნება გამოყენებული, რაც საბოლოოდ მოემსახურება ამ შენობა-ნაგებობების იმგვარად განლაგებას, რომ სრული ინტეგრირება მოხდეს ლანდშაფტთან და გარემოსთან და მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მშენებლობის პროცესში გამოყენებული ენერგია მნიშვნელოვნად დაიზოგება, ასევე მას შემდეგ, რაც ეს შენობები შევა ექსპლუატაციაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განახევრდება ნახშირბადის გამოყენება.

ჩვენი მიდგომით, დაცული იქნება მთის ლანდშაფტის კონტური. ასევე, აღდგება ის ლანდშაფტი, რომელსაც მშენებლობის დროს ზიანი მიადგება, სრულად აღდგება და თავდაპირველი სახე მიეცემა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – გამოვიყენებთ ხე-ტყეს, ადგილობრივ სამშენებლო მასალას, ქვას, იმისთვის, რომ კურორტზე არსებულ დიზაინს შევძინოთ ახალი ელფერი და შევქმნათ ახალი დიზაინი“, – განაცხადა სემ ვრაითმა.

„ორბის“ დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ამბობს, რომ პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში დეზინფორმაცია გავრცელდა.

„აბსოლუტურად ყველა დეტალი, რომელიც ამ პროექტის შექმნისას იქნა გათვალისწინებული, ორიენტირებულია ადგილობრივი ბუნებისა და ლანდშაფტის ჰარმონიზაციაზე. კომპანია სრულად იცავს გენგეგმის პარამეტრებს, რაც არის უმთავრესი გარანტია ბახმაროს ავთენტურობისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის. გენერალური განაშენიანების გეგმა ძალიან ცალსახად და მკაფიოდ აწესებს ნორმატივებს, წესებს და ფუნქციურ ობიექტებს, რომელიც, შეიძლება, ბახმაროში აშენდეს. პროცედურულად გავლილი გვაქვს ყველა ეტაპი, რომელიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

პროექტის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებისა და ნებართვის მიღების პროცედურა ორ ფაზად არის დაყოფილი. ინფორმაცია, რომ არ გვაქვს მშენებლობის ნებართვა, სიცრუე და დეზინფორმაციაა. მე მაქვს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება, დათარიღებული 2024 წლის 26 დეკემბრით და ხელთ მიჭირავს მშენებლობის სანებართვო მოწმობა პროექტის პირველი ფაზის შეთანხმებისა და შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე, პროექტი შეთანხმებულია და მშენებლობის ნებართვა გაცემულია მხოლოდ კომპლექსის ნაწილზე, რომელიც, ჯამურად, მოიცავს 4 ჰა ტერიტორიას. რაც შეეხება მე-2 ფაზის პროცედურას, ამაზე, როგორც ვიცით, გაიმართება საჯარო განხილვები, რომ ვიმსჯელოთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ჩვენს საზოგადოებას და პროექტით დაინტერესებულ ყველა მხარეს ავუხსნათ პროექტის სარგებელი, ასევე დეტალურად განვიხილოთ და ამოვწუროთ უსაფრთხოებასთან, გარემოს დაცვასთან თუ განაშენიანებასთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა მან.

კვერღელიძის განმარტებით, ბახმაროს გენგეგმაში დაახლოებით, 12 ჰა ფართობია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ამ ტერიტორიაზე მოეწყობა სამედიცინო ცენტრი, აფთიაქი, აუზი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, კინო და ა.შ. სხვა ტერიტორიის განვითარება კი იგეგმება ინდივიდუალური და მცირე ინტენსივობის შენობა-ნაგებობებით და ამ ტერიტორიაზე აშენდება სასტუმრო, რომლისთვისაც გამოიყენებენ ადგილობრივ ბუნებრივ მასალას:

„ეს გამორიცხავს ე.წ. ბეტონიზაციის თემას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში“, – ამბობს ის.

„ორბის“ დირექტორი ამტკიცებს, რომ ფრანგ სპეციალისტებთან ერთად 2023 წელს შეაფასეს თოვლზვავის საფრთხე, კომპანია „ჯეოინჟინერინგმა“ კი დადებითი გეოლოგიური დასკვნა მოამზადა.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ გენგეგმით გათვალისწინებული თოვლზვავის, ზვავსაშიშზონის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობა არ დაპროექტებულა და არ შენდება, საერთოდ არ არის შემხებლობაში ამ ზონასთან […] გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება საფრთხეში აგდებს თვითონ კურორტს. იმ ზონაში, რომელზეც ბევრი მიუთითებს, რომ ზვასაშიშია, ზედა ნაწილში დაახლოებით, 200-მდე ოჯახია განთავსებული, ასევე ამ ტერიტორიაზეა ბანაკების, საბავშვო ბაღების, სკოლების ყოფილი შენობები, რომელიც 70-80 წელს ითვლის…ხელთ მაქვს 420-გვერდიანი გეოლოგიური დასკვნაც, რომელმაც შეისწავლა მიწის ყველა პარამეტრი და გეოფიზიკური დინამიკა დამაკმაყოფილებლად ჩაითვალა“, – თქვა მან.

„ორბის“ დირექტორის თქმით, დაგეგმილი 100 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია და 300 ათასი ვიზიტორი გაზრდის ადგილობრივ წარმოებას და სამუშაო ადგილებს.

„300 ათას ტურისტს სჭირდება კვება, გართობა, ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მომსახურება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში საჭიროებს დამატებით სამუშაო ადგილებს, საჭიროებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაზრდილი რაოდენობით წარმოებას და მოცემულ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ კურორტის პოტენციალი.

დღეს ბახმაროში 2-მეტრნახევარი თოვლია და მხოლოდ 120-მდე ტურისტია, მაშინ როდესაც ბახმაროს სწორი ინფრასტრუქტურის შემთხვევაში აქვს შესალებლობა, ერთდროულად ათი ათას ტურისტს უმასპინძლოს. მაშინ, როდესაც მსოფლიოში დღეს თოვლის ნაკლებობაა და ალპების პრაქტიკულად ყველა ევროპული კურორტი თოვლის სიმცირეს უჩივის, ბახმაროს ამის პრობლემა არ აქვს.

კურორტი 100 წელზე მეტია, არსებობს და ამ დრომდე არც ერთი საინვესტიციო პროექტი არ განხორციელებულა, არავისთვის ეს არ აუკრძალავთ და ვფიქრობთ, სწორია გადაწყვეტილება, როცა კომპანია ინფრასტრუქტურულად განუვითარებელ კურორტში 100 მილიონის ინვესტიციის ვალდებულებას იღებს. ალბათ, ეს არის პასუხი, რატომ გადაეცა კომპანიას მიწის ნაკვეთი ერთ ლარად, ეს არ ნიშნავს ჩუქებას, როცა ამის უკან უზარმაზარი ვალდებულება დგას“, – განაცხადა მან.