გარკვეული განცხადებები აღქმას ტოვებს, რომ ეს ღონისძიება ნებისმიერ ფასად უნდა ჩატარებულიყო - პაპუაშვილი პრაიდზე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მოძალადე ჯგუფების მიერ ჩაშლილ პრაიდფესტივალთან დაკავშირებით შსს-მ გადაწყვეტილება მიიღო, დაეცვა ადამიანის ჯანმრთელობა და იმოქმედა შესაბამისად.

„ასეთი შეგრძნება მაქვს, არიან გარკვეული ჯგუფები თუ აქტორები, რომლების განცხადებებიც ისეთ აღქმას ტოვებს, რომ ეს ღონისძიება ნებისმიერ ფასად უნდა ჩატარებულიყო, მათ შორის, ადამიანების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად. არ ვიცი, ამ ჯგუფებს და ამ აქტორებს, ვის განცხადებებსაც ვისმენდით, რა პრიორიტეტები აქვს, მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა პრიორიტეტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსახავს და ეს პრიორიტეტებია, ის რომ უპირველესი ფასეულობა ადამიანის ჯანმრთელობაა.

რა თქმა უნდა, როცა სასწორზე დგას ადამიანის ჯანმრთელობა შეკრების თავისუფლებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც და პოლიციაც, სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა გარდა იმისა, რომ ადამიანების ჯანმრთელობას გაფრთხილებოდა და წინ დაეყენებინა.

…ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი მხრივ, არავინ დაზიანებულა, მეორე მხრივ, კონტაქტამდეც არ მიიყვანა საქმე პოლიციამ და ამის უზრუნველყოფა შეძლო, ამიტომ ამ მთავარი პრიორიტეტის დაცვა პოლიციამ შეძლო“, – თქვა მან.

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არ გამოიყენა პოლიციამ პროპორციული ძალა მოძალადე ჯგუფებს წინააღმდეგ, რომლებიც წინასწარ აანონსებდნენ ძალადობას, პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ საპოლიციო ღონისძიებებზე შსს ისაუბრებს.

„რაც შეეხება საპოლიციო ღონისძიებებს, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გაგცემთ პასუხს, თუ როგორ იგეგმება, მათ შორის, რა ტაქტიკით და სტრატეგიით, ესა თუ ის ღონისძიება.

რაც შეეხება დაანონსებებს, სხვადასხვაგვარი გვესმის ხოლმე, მათ შორის პარლამენტის წინააღმდეგაც დაანონსებული სხვადასხვა აქციები, რომელიც ბოლოს ძალადობრივ აქციებად გადაზრდილა. შეგახსენებთ, 7-8 მარტს, საქართველოს პარლამენტზე იყო შეტევა მიტანილი, გვახსოვს ჩამტვრეული შუშები და ცეცხლწაკიდებული პარლამენტი, მაშინ პოლიციას პარლამენტიდან როგორც თანამშრომლების, ისე ჟურნალისტების ევაკუაცია მოუწია. აქ არავის უთქვამს, რომ პარლამენტის ფუნქციონირების შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თქვენი, ან პარლამენტის თანამშრომლების ჯანმრთელობა…

რაც შეეხება მასის მართვას, ეს არის ცალკე დარგი, რომელსაც პოლიცია და შესაბამისი დანაყოფები სხვათა შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, უმაღლესი სტანდარტით ფლობენ ამ სტრატეგიას და ტაქტიკას, შესაბამისად, მართავენ სხვადასხვა სახის და სიდიდის მასებს…“, – თქვა მან.

შეკითხვაზე, მაგალითად იქ რომ ანტისამთავრობო აქცია ყოფილიყო, რას იზამდა პოლიცია, პაპუაშვილი ამბობს, რომ შსს ღონისძიების ევაკუაციას მოახდენდა.

„დარწმუნებული ვარ, იქ რომ ყოფილიყო მმართველი თუ არამმართველი პარტიის ღონისძიება და მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნებოდა, პოლიცია ასევე უზრუნველყოფდა, რომ მათი ევაკუაცია მომხდარიყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.