გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოს კიდევ აქვს სამუშაო - შვედეთის ევროპის საქმეთა მინისტრი

პუბლიკა

სტოკჰოლმში დასრულდა ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც ევროკომისიამ ზეპირი შუალედური შეფასება წარადგინა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესზე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

მოხსენების დასრულების შემდეგ მასპინძელი ქვეყნის, შვედეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ჯესიკა როსველმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს გარკვეული პროგრესი, მაგრამ მეტი სამუშაოა შესასრულებელი.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს გარკვეული პროგრესი, სამუშაო კიდევ არის შესასრულებელი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გავუგზავნოთ ერთიანი მკაფიო გზავნილი, მათ შორის, მეტი რეფორმის გატარების საჭიროებაზე“, – თქვა როსველმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია რომ ევროკომისიის განახლებული შეფასებას ყურადღებით მოეკიდება უკრაინაც, მოლდოვაც და საქართველოც, რაც მათ დაეხმარება გაატარონ მეტი რეფორმა მომდევნო თვეებში.