გარკვეულწილად არის სამშაბათის ეფექტი - გაბუნია ახალ შემთხვევებზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, რა არის იმის მიზეზი, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„გარკვეულწილად არის სამშაბათის ეფექტი, შაბათ-კვირის პერიოდში ნაკლები ტესტირებით გამოწვეული, თუმცა გასული კვირის მანძილზეც 5 ათასს აღემატებოდა შემთხვევების რაოდენობა, რაც ნაწილობრივ აიხსნება ომიკრონის შტამის ცირკულაციის დაწყებით.

შემთხვევების დიდი ნაწილი შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში, შემთხვევების მატების მიუხედავად, არ აღინიშნება ზეწოლის მატება ჰოსპიტალურ სექტორზე.

ჰოსპიტალურ სექტორში რჩება 4431 პაციენტი, რეანიმაციულში 281, ინტენსიურ თერაპიას იტარებს 1 083 პაციენტი. 4000-ზე მეტი საწოლი თავისუფალია. რაც შეეხება ომიკრონით დადასტურებული პირების კოჰორტას, მათი დიდი ნაწილი იყო ვაქცინირებული. ვაქცინირებულებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინაციის ეფექტურობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით. ბუსტერდოზა თითქმის აორმაგებს ვაქცინის დამცველობის ეფექტს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა, 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის ბოლო მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 31, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 160 კოვიდპაციენტი.

LB loan image desktop LB loan image mobile