„გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის ამოცანას" - „ოცნების" ქალი დეპუტატები კვოტირებაზე

პუბლიკა

კვოტირების გაუქმების ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის ქალი დეპუტატები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ კვოტირება ქალების გაძლიერების „დროებითი ზომაა და არა ერთადერთი”. ნინო წილოსანის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ეს „პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმაა, რომელმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას”.

„ნათელია, რომ სავალდებულო კვოტირება არის ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომა და არა ერთადერთი გზა. ეს არის პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა, რომელმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას – პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობა გაიზარდა და ქალების საკითხები დღის წესრიგის აქტუალური ნაწილი გახდა.

ამასთან, ჩვენთვის პრიორიტეტული არასდროს ყოფილა ქალების მხოლოდ რაოდენობრივი მონაწილეობა. პოლიტიკურ სფეროში არსებითი თანასწორობის მიღწევა გრძელვადიან, შენარჩუნებად შედეგებზე ორიენტირებასა და თვისობრივი ჩართულობის უზრუნველყოფას მოითხოვს.

ქალების სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფაში გადამწყვეტ როლს პოლიტიკური პარტიები თამაშობენ. ჩვენი პოლიტიკური გუნდი კი იმ პრინციპების ერთგული რჩება, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში მხარს ვუჭერდით და ყველანაირ შესაძლებლობას გამოვიყენებთ ქალების გაძლიერებისთვის, მათ შორის, არა ფორმალური და სავალდებულო ჩანაწერების შესრულებით, არამედ ჩვენი საკუთარი ინიციატივებითა და შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებით”, – აცხადებენ „ქართული ოცნების” ქალი დეპუტატები.

„გირჩი” გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება და გაუქმდეს ყველა ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვდა.

კერძოდ, პარტია ითხოვს კანონიდან სრულად ამოიღონ 203-ე მუხლი, რაც საპარლამენტო სიებში პარტიებისთვის გენდერული კვოტის დაცვის ვალდებულებას აჩენდა.

კანონპროექტში შეთავაზებულ ცვლილებებს ექნება მმართველი პარტიის მხარდაჭერა. როგორც ბიუროს სხდომაზე განიხილეს, ამ საკითხზე შეხვედრა შედგა „გირჩისა” და უმრავლესობის ლიდერებს შორის, ხოლო „ქართული ოცნება” სრულად იზიარებს ცვლილებებს – ბექა დავითულიანმა თქვა, რომ სანაცვლოდ, მმართველმა პარტიამ მიიღო დაპირება, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, „გირჩი” ორიენტირებული იქნება კანდიდატის „პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე”.

ბიურომ მხარი დაუჭირა, რომ მიმდინარე კვირაში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილონ – იაგო ხვიჩიამ მხარდაჭერისკენ მოუწოდა ოპოზიციასაც. ამასთან დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას.