„გირჩს" გენდერული კვოტირების გაუქმება უნდა - რა წერია კანონპროექტში

პუბლიკა

„გირჩი” გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება და გაუქმდეს ყველა ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვდა.

კერძოდ, პარტია ითხოვს კანონიდან სრულად ამოიღონ 203-ე მუხლი, რაც საპარლამენტო სიებში პარტიებისთვის გენდერული კვოტის დაცვის ვალდებულებას აჩენდა.

კანონპროექტის ავტორები არიან: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ინიციატორები მიიჩნევენ, რომ გენდერული კვოტირების მექანიზმი, წარმოადგენს „შეზღუდვას, როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც არის შეიქმნა ეს ნორმა”.

„სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ გააჩნია, ასეთი ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს ვერ მიიღებს. კანონპროექტის მიზანია დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს. სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც რთულია ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

პარალელურად, კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მათი ინიციატივის მიზანია მხარი დაუჭირონ „ქალების გაძლიერებას” და მოხსნან „ყველა ბარიერი”, რაც ამის მიღწევაში უშლით ხელს.

კანონპროექტში შეთავაზებულ ცვლილებებს ექნება მმართველი პარტიის მხარდაჭერა. როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილეს, ამ საკითხზე შეხვედრა შედგა „გირჩისა” და უმრავლესობის ლიდერებს შორის, ხოლო „ქართული ოცნება” სრულად იზიარებს ცვლილებებს – ბექა დავითულიანმა თქვა, რომ სანაცვლოდ, მმართველმა პარტიამ მიიღო დაპირება, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, „გირჩი” ორიენტირებული იქნება კანდიდატის „პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე”.

ბიურომ მხარი დაუჭირა, რომ მიმდინარე კვირაში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილონ – იაგო ხვიჩიამ მხარდაჭერისკენ მოუწოდა ოპოზიციასაც.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, რომელიც პარლამენტმა 2020 წლის 2 ივლისს დაამტკიცა, პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის.

მაშინ დამტკიცებული ცვლილებებით,  პროპორციულ პარტიულ სიებში სავალდებულო გენდერული კვოტირების მოქმედების ვადა 2032 წლის ჩათვლით არჩევნებისთვისთვისაც იმოქმედებდა.

ამასთან, ჯერ კიდევ მოქმედი ჩანაწერით დაკონკრეტებულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც უნდა იყოს ქალი (და არა განსხვავებული სქესის). ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის – ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.