გათავისუფლებული საჯარო მოხელე „ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიმართავს, სასწრაფოდ გარიცხონ პარტიიდან

პუბლიკა

„ქართული ოცნების” წევრი მალხაზ მოლაშვილი პარტიის ხელმძღვანელობას მიმართავს, გარიცხონ მისი რიგებიდან.

როგორც მალხაზ მოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს,  ის სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მისი შვილები პროევროპულ აქციებში მონაწილეობენ.

5 თებერვალს, საპროტესტო აქციების აქტიურმა მონაწილემ, „ცოდნის კაფეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ქეთი მოლაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი მშობლები საჯარო სამსახურებიდან გაათავისუფლეს. 

ქეთი მოლაშვილის დედა მანანა ჯავაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში, წნორის ტერიტორიულ ორგანოში 12 წელი მუშაობდა, მისი მეუღლე, მალხაზ მოლაშვილი კი სიღნაღის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო. „პუბლიკასთან“ საუბრისას, ჯავაშვილი გათავისუფლების მიზეზად თავის პოლიტიკურ პოზიციას ასახელებს, ქმრის გათავისუფლების მიზეზად კი – შვილების აქტიურობას.

 „ქართული ოცნების” დამფუძნებელი ყრილობის დელეგატს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში პარტიის საინიციატივო ჯგუფის შემქმნელს, რაიონული ორგანიზაციის პირველ კონფერენციამდე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, რომლის რეკომენდაციითაც ასეულობით ადამიანია პარტიაში გაწევრიანებული, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აქტივის კოორდინატორს, წლების განმავლობაში სამჯერ შემავსებინეს განაცხადი პარტიაში გაწევრიანების შესახებ.

2012 წლის 12 დეკემბრიდან ვიყავი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის, აპარატის ხელმძღვანელი, 2012 წლიდან დღემდე ყველა დონის არჩევნებში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი ქართული ოცნებისა და მისი კანდიდატების გამარჯვებაში, დღემდე ვერავინ მეტყვის, რომ რაიმე ნაბიჯი მაქვს გადადგმული ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ, 2025 წლის 13 იანვარს გამიფორმეს ერთ თვიანი ხელშეკრულება პირველი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით და ხელშეკრულების.

ვადის გასვლიდან გამომდინარე, სამ თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარემ ტელეფონით მაცნობა, რომ ხელშეკრულება აღარ გამიგრძელდებოდა ჩემი შვილების ჩემგან განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისა და თბილისში მიმდინარე აქციებზე დგომის გამო.

7 თებერვალს საკრებულოში შევიტანე განცხადება ჩემი პირადი საქმისა და შეფასების ოქმების ასლების გამოთხოვის შესახებ, პასუხი ტელეფონზე, ვადები აქვთ და პასუხს მივიღებ. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ პარტიის პოლიტსაბჭოს, სასწრაფოდ გამრიცხოთ პარტიიდან და არ გამიკვირდება ახლადმიღებული კანონის თანახმად გამომაცხადოთ სამშობლოს „მოღალატე”,- წერს მალხაზ მოლაშვილი სოციალურ ქსელში.