„როცა ვიცი, რომ რეჟიმს ვუპირისპირდები, ვიცი, ეს რეჟიმი არ დაგინდობს" — ყოფილი საჯარო მოხელე წნორიდან

პუბლიკა

საპროტესტო აქციების აქტიურმა მონაწილემ, „ცოდნის კაფეს“  ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ქეთი მოლაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი მშობლები საჯარო სამსახურებიდან გაათავისუფლეს.

„პუბლიკა“ ესაუბრა ქეთი მოლაშვილის დედას, მანანა ჯავაშვილს, რომელიც ჰყვება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში,  წნორის ტერიტორიულ ორგანოში 12 წელი მუშაობდა, მისი მეუღლე კი სიღნაღის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო.

ჯავაშვილი თავისი გათავისუფლების მიზეზად თავის პოლიტიკურ პოზიციას ასახელებს, ქმრის გათავისუფლების მიზეზად კი – შვილების აქტიურობას.

მანანა ჯავაშვილი ამბობს, რომ ოჯახს არანაირი სხვა შემოსავალი არ აქვს: არც მიწები, არც ვენახი, არც ბიზნესი.

„2012 წლის არჩევნებში ვიყავით აქტიურად ჩართული, ჩემი მეუღლე არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყრილობის დელეგატი იყო, პირველად რომ დაფუძნდა „ქართული ოცნება“, ანუ პირველი „ოცნებელი“, ასე ვთქვათ, და მერე უკვე მეც და ჩემი მეუღლეც 2012 წლის არჩევნებში შტაბის წევრები ვიყავით, მე ვიყავი წნორის ზონის კოორდინატორი, მეუღლეს – შტაბი ებარა. მას მერე ასე მოვდივართ“, – ჰყვება ჯავაშვილი.

მისი თქმით, „ოცნების“ მხარდამჭერი იყო მანამ, სანამ რუსული კანონის შემოღება არ დააპირეს. მანანა ჯავაშვილი ამბობს, რომ უკვირდა, როცა ხალხი ვერ ხედავდა, რომ ეს არ იყო „გამჭვირვალობის“ კანონი და მისი მიზანი თავისუფალი აზრის ჩახშობა იყო, „ამას ღიად ვუპირისპირდებოდი ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულიდან“.

მისი სიტყვებით, როცა ხედავდა, რა პროცესები მიდიოდა ქვეყანაში, არჩევნები, რუსული კანონის მეორედ შემოღება და მიღება, მაგრამ მისთვის ბოლო წერტილი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერება.

„ამაზე მქონდა ისეთი პროტესტი, ძალიან ცუდად გავხდი, ჩემთვის ეს იმდენად შეურაცხმყოფელი იყო, რომ ორ დღეში, არჩევნები მოიგეს, აღარ შედიან თურმე ღირსებით ევროპაში და 2028 წლამდე ჩერდება, ანუ 2028 წლის მერე, ღირსებას რომ გვილახავს თურმე ჩვენ ევროპა, 2028 წლის მერე რაღატო უნდა შევიდეთ, რაღატო გვატყუებთ-მეთქი, ამაზე პოსტიც დავწერე. იმ საღამოსვე ვერ გავჩერდი სახლში და ღიად გამოვედი. ვთქვი, რომ მე ასე ვერ ვიჯდები და პროტესტი გამოვთქვი, მერიის წინ ვიყავი აქციის მონაწილე“, – ჰყვება მანანა ჯავაშვილი.

აქციას რომ შეუერთდა, ამის შემდეგ სამსახურში ხელმძღვანელი პირები პირადადაც შეხვდნენ და უთხრეს, რომ დიდ პატივს სცემდნენ. არ უნდოდათ მისი სამსახურიდან გაშვება და სთხოვეს თავი შეეკავებინა. ჰქონდა მოლოდინი, რომ სამსახურიდან გაუშვებდნენ – „როცა ვიცი, რომ რეჟიმს ვუპირისპირდები, ვიცი, რომ ეს რეჟიმი არ დაგინდობს“.

რაც შეეხება მის ქმარს, მანანა ჯავაშვილი ამბობს, რომ სამსახურიდან გაშვებაზე ის დუმს. მას ტელეფონით შეატყობინეს, რომ ათავისუფლებდნენ:

„არაფერი არ უთხრეს, იმის ღირსიც არ გახადეს, რომ ხელმძღვანელი პირები მისულიყვნენ, დალაპარაკებოდნენ, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ასეთი მხარდამჭერი „ოცნებას“, როგორიც ჩემი მეუღლეა, ფაქტობრივად არ ჰყავს.

ყველანი არიან იქ ვითომ მხარდამჭერები დანარჩენი და საკრებულოს წევრები ჩვენი ადგილობრივი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის, სულ ალბათ ორი ან სამი შეიძლება იყოს „ოცნების“ მხარდამჭერი, დანარჩენები არიან ის ადამიანები, ვინც 2012 წელს დაგვცინოდნენ, გვიპირისპირდებოდნენ, აბუჩად გვიგდებდნენ, სირცხვილის კორიდორებს გვიწყობდნენ და დღეს საკრებულოში წამყვან პოზიციებზე არიან, წევრები არიან, კარგი ხელფასებით“.

მანანა ჯავაშვილს ვკითხეთ, რას ფიქრობს, რატომ გაუშვა „ოცნებამ“ სამსახურიდან ისეთი კადრიც კი, რომელსაც კრიტიკული პოზიცია არ ჰქონია და წლები უჭერდა მხარს ამავე პარტიას.

„ეს არის სადამსჯელო ოპერაცია. ჩემი შვილები, ამ შემთხვევაში, მე პირადად, ვთქვათ ღიად ვაფიქსირებდი [კრიტიკას], მაგრამ ჩემი შვილების აქტიურობის გამო ფაქტობრივად დასაჯეს ჩემი მეუღლე, იმიტომ რომ მისი შვილები ვერ გააჩუმეს. აქ უნდა ვთქვა, რომ მერიაშიც და საკრებულოშიც, საკრებულოს წევრებშიც და მერიის წამყვან პოზიციებზე თანამდებობის პირების შვილებიც აქციებზე არიან. მაგრამ განსხვავება ის არის, რომ როგორც სამსახურის უფროსი, ჩემი მეუღლე ხელშეკრულებით გადაიყვანეს და მერიის თანამშრომლები ჯერჯერობით არ არიან ხელშეკრულებით“.

ჯავაშვილი იხსენებს, რომ როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება შეიცვალა, კოჰაბიტაცია მოხდა და საჯარო სამსახურიდან თანამშრომლები არ გაუშვეს, მას შემდეგ ზოგი დაწინაურდა კიდეც, ახლა კი აღარც კოჰაბიტაცია არსებობს, აღარც ღირსება, აღარც თანადგომა:

„ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, იმის ღირსიც კი არ გახადეს, რომ პირისპირ დამსხდარიყვნენ და ეთქვათ, დაურეკეს, რომ იცი რა, აღარ გიგრძელებთ ხელშეკრულებას და იცოდე აბა, კარგად იყავი“.

მანანა ფიქრობს, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა და გამოაჩინა რეჟიმის სახე, ისიც, მისი შვილების მსგავსად, უერთდება საპროტესტო აქციებს. რაც შეეხება მის უკვე ყოფილ თანამშრომლებს, გვეუბნება – „მე მქონდა ნათქვამი მათთვის, რომ მე მართლა უკვე მიღირს, რომ სამსახურიდან გამიშვან, ოღონდ თქვენ აღიაროთ, რომ რეჟიმს ემსახურებით“.

„ყველა არის გაოცებული და გაკვირვებული, მე ყველას ღიად ვეუბნები, რომ კი, მოდის კიდევ არჩევნები და ასეთი რეჟიმის მონაწილეები რომ არ იყოთ, არ შემოხაზოთ 41. უკვე არგუმენტი მაქვს, რომ მე როგორც დავისაჯე, თქვენც შეგეხებათ, ყველას შეეხება ეს რეჟიმი და აქ საუბარია ერთი ადამიანის მილიონების გადარჩენაზე და პირდაპირ იზოლაციაზე, საქართველო იზოლაციაშია მსოფლიო ცივილიზაციასთან“, – ამბობს ის.

გათავისუფლებული საჯარო მოხელე აპირებს, ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენოს და მიმართოს სახალხო დამცველსაც. მის მეუღლეს მსგავსი პოზიცია, ჯერჯერობით არ აქვს.

„ყველაზე თვალსაჩინო, ვფიქრობ, ისაა დღეის მდგომარეობით, როცა უსირცხვილოდ, პარლამენტარებმა ამხელა ხელფასები დაირიგეს, როცა მე ისეთ სამსახურში ვმუშაობდი, ყოველდღე მიწევდა პენსიონერებთან შეხვედრა, პენსიონერებს არ აქვთ წამლის ფული, პენსიონერებს არ აქვთ ელემენტარულად ღირსეული ცხოვრების საშუალება, ვხედავთ ამხელა განსხვავებას, ამის მიუხედავად, გაოცებული ვარ, ადამიანებს მაინც რომ შეუძლიათ ეს რეჟიმი გაამართლონ. […] ამ ყველაფერზე ადამიანები არიან ჩუმად, თან მე მომიწოდებენ, შენც ჩუმად უნდა იყოო, იმიტომ, რომ აბა შენ ვერ შეცვლიო. მე მგონია, რომ აუცილებლად შევცვლი“, – გვეუბნება მანანა ჯავაშვილი.