გათავისუფლებული სოცმუშაკები სამინისტროსთან დავას, სავარაუდოდ, სასამართლოში გააგრძელებენ

პუბლიკა

სოციალური მუშაკების გათავისუფლების თემაზე დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პრესკოფერენცია გამართა, რომელზეც სოციალური მუშაკების გათავისუფლებასთან დაკავშირებული ვითარება შეაფასეს, მთავარი კითხვები დასვეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სოცმუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენელის თქმით, 2020 წლის 28 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების ნაწილს (დაახლოებით 30-დან 40-მდე სოცმუშაკს) მიუვიდა შეტყობინება, რომ მათ 2020 წლის პირველი თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულებები უწყდებათ.

გათავისუფლების შესახებ წერილებში გათავისუფლების მიზეზად მითითებულია რეორგანიზაცია, რაც საკადრო ცვლილებებს ითვალისწინებს.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში 2020 წლის 1 თებერვლიდან მეურვეობა-მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა,  დაცვისა და სახელმწიფო ფონდში გაერთიანდება.

„შეგახსენებთ, რომ  ერთი წლის წინ სოციალურმა მუშაკებმა შრომითი დავა დაიწყეს სააგენტოს წინააღმდეგ და ერთ-ერთი მოთხოვნა ამ დავაში კადრების დამატება იყო, რადგან არაგინივრულად ბევრ საქმეზე მუშაობენ ერთდროულად სოციალური მუშაკები. სოციალური მუშაობის შესახებ კანონის 2019 წლის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა რომ ჯანდაცვის სამინისტროს 50 ახალი სოციალური მუშაკი უნდა დაემატებინა. როგორც დასაქმებულები, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები თანხმდებოდნენ, რომ კადრების რაოდენობა კრიტიკულად მწირი იყო და ჰქონდათ პასუხისმგებლობა, რომ 50 მუშაკით შეევსოთ სოცმუშაკების რაოდენობა. გუშინ 50 მუშაკის დამატების სანაცვლოდ 40-მდე სოცმუშაკი გაათავისუფლეს სამსახურიდან.

რა კრიტერიუმებით მოხდა ამ სოცმუშაკების შერჩევა, მათთვის არ განუმარტავთ. ჩვენ პროფესიული ასოციაცია  და მხარდამჭერი ორგანიზაციები პირველ რიგში მოვითხოვთ, დასაბუთდეს, რატომ გახდა საჭირო გათავისუფლება  და იმის ახსნას, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა ეს ადამიანები. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს გამჭირვალე და პროფესიული კავშირი იყოს ჩართული.“ – განაცხადა სოცმუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენელმა, ქეთი ხუციშვილმა.

პრსესკონფერენციაზე განცხადებით გამოვიდა ერთ-ერთი გათავისუფლებული სოცმუშკი. მისი თქმით, ის 2002 წლიდან მუშაობს სოციალურ მუშაკად და მისთვის სრულიად გაუგებარია, რა გახდა სისტემიდან მისი გათავისუფლების მიზეზი. ის ამბობს, რომ თავისი და სხვა სოციალური მუშაკების ღირსების დასაცავად სასამართლოში დავას აპირებს.

„მე ვარ სოციალური მუშაკი. 2002 წლიდან ვმუშაობ ამ სისტემაში. სამწუხაროა, რომ დღეს მე მიწევს საუბარი სტაჟიანი დამსახურებული მუშაკის დაცვის საკითხზე, რადგან თავად ვგრძნობ თავს დაუცველად და შეურაცხყოფილად.  დღესდღეობით არ მაქვს პასუხი, რატომ დადგა ერთ მშვენიერ დღეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხი. 40 სოციალური მუშაკი დაითხოვეს თბილისისა და რეგიონების მასშტაბით. არავინ იცის მიზეზი. ყველამ გაიარა გასაუბრება, წარმატებით გაიარეს გამოცდა. მოუმატეს ხელფასები და შემდეგ დაემშვიდობნენ. სისტემიდან სტაჟიანი სოციალური მუშაკები გაუშვეს. გათავისუფლების წერილში არაფერი არ არის ახსნილი. პირდად მე, როგორც სოციალური მუშაკი, ვაპირებ, დავიცვა ჩემი და სხვა სოციალური მუშაკების ღირსება და მივმართო სასამართლოს“ – განაცხადა პრესკონფერენციაზე მარინა ლაბაყუამ.

სოლიდარობის ქსელის წარმომადგენლის, დავით მუსერაშვილის თქმით, სახელმწიფო იტყუება, როდესაც ამბობს, რომ გათავისუფლების მიზეზი კანონმდებლობაში შესული ცვლილებებია. კერძოდ, ცვლილებები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციას ეხება და სოციალური სამსახურის ფუნქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა,  დაცვისა და სახელმწიფო ფონდში გადადის.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებების შესახებ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ რეორგანიზაციას საკადრო ცვლილებები არ უნდა გამოეწვია და რომ რეორგანიზაციის პროცესს არანაირი შემცირება არ უნდა მოჰყოლოდა.

„ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვთ ღირსეულ მოპყრობას და არ იქნება ღირსეული მოპყრობა, თუ დასაქმებულს არ ექნება ინფორმაცია, რა ხდება მათი დასაქმების ადგილზე. რეორგანიზაციის პროცესში თავად დასაქმებულები ჩართულები არ იყვნენ. თითოეულ დასაქმებულს, რომელმაც მიიღო შეტყობინება, სახელმწიფომ საფუძვლად რეორგანიზაცია მიუთითა და კანონმდებლობაში გარდამავალი ცვლილებები. მე ახლა მსურს, დაგანახოთ, როგორ იტყუება მთავრობა. ხელში მიჭირავს განმარტებითი ბარათი იმ კანონპროექტის, რომელის მიხედვითაც, მოუწია რეორგანიზაცია სააგენტოს.  განმარტებით ბარათში წერია, რომ აღნიშნული ცვლილებებით არ იგეგმებოდა კადრების შემცირება და იგეგმებოდა კადრების გაზრდა.

ჩვენ ვაპირებთ მოვითხოვოთ დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, არის თუა რა რაიმე დისკრიმინაციული მიდგომა ამ დასაქმებულების მიმართ. შრომის კოდექსი არაჯეროვნად არეგულირებს რეორგანიზაციის პროცესს“, – განაცხადა დავით მუსერაშვილმა.

გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განმარტება, რომლის მიხედვითაც, შემცირება ჯანდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეორგანიზაციის გამო მოხდა. მინისტრის მოადგილის თქმით, რეორგანიზაციამდე თითოეულ დასაქმებულთან სპეციალურმა კომისიამ გასაუბრება ჩაატარა და გათავისუფლების მიზეზი თითოეული მათგანისთვის ცნობილია.

სამინისტროს ცნობით, სოციალური სამსახურის ფუნქციების ტრეფიკინგის ფონდში გადასვლის შემდეგ იგეგმება სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა. გამოცხადდება კონკურსი და მათ შორის გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებს თავიდან შეეძლებათ ამ კონკურსში მონაწილეობა.