ჯანდაცვის სამინისტრო სოცმუშაკების გათავისუფლებას ადასტურებს და ახალ კონკურსს აანონსებს

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრო სოცმუშაკების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. ჟურნალისტებთან კომენტარი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა ფონდის დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ გააკეთა. აღნიშნულის შესახებ ისაუბრა მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმაც.

მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტომ გათავისუფლებასთან დაკავშირებით  თანამშრომლებს წერილობით მიმართა და ორ თვიანი კომპენსაციაც გადასცა.  მისივე თქმით, გათავისუფლებულ თანამშრომლებს შეეძლებათ ახალ კონკურსში მონაწილეობის მიღება და შემდგომში მათ დასაქმებას საკონკურსო კომისია გადაწყვეტს.

„სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს 2019 წლის 1 მარტიდან. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა ეტაპზე თანამშრომლებს სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდათ. არაერთხელ ყოფილან ისინი პირადად ჩემთანაც მსგავსი ტიპის შეკითხვებით, რაზეც პასუხი მიუღიათ. წერილებშიც, რომელიც მათ დაეგზავნათ, ახსნილია მათი გათავისუფლების მიზეზი. მე დღესაც მაქვს მათთან კომუნიკაცია, მქონდა წარსულშიც და მექნება ყოველთვის, როცა დავჭირდები რაიმე საკითხთან მიმართებაში“, – აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, რეორგანიზაციის პროცესში სპეციალური კომისია ყველა თანამშრომელს გაესაუბრა. გიორგი წოწკოლაურმა ისიც აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის დასრულების პირველივე თვეს თანამშრომლებს ხელფასიც მოემატათ. სოციალური მუშაკის ხელფასი შეადგენს  1200, ხოლო უფროსი სოციალური მუშაკის – 1400 ლარს.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის, მერი მაღლაფერიძის თქმით, 2020 წლის 1 თებერვლიდან მეურვეობა-მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში გაერთიანდება.

ფონდის დირექტორის განმარტებით, იქმნება ახალი უწყება, რომელსაც  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ერქმევა.

ამ დრომდე კი აღნიშნული სამსახურის ადმინისტრირების პოლიტიკას სოციალური მომსახურების სააგენტო წარმართავდა.

“შესაბამისად იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც აღნიშნულ სააგენტოში მუშაობდნენ, აქვთ შესაძლებლობა კონკურსის  გავლის შემდეგ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში დასაქმდნენ.” – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში წერია, რომ ფონდის დირექტორის თქმით, სოციალური მუშაკების რაოდენობა არ შემცირდება და გაძლიერდება ბავშვზე ზრუნვის მიმართულება.

„აღსანიშნავია, რომ არამც და არამც არ მცირდება სოციალური მუშაკების რაოდენობა, პირიქით, პოზიციები ემატება და ასევე ემატება სხვადასხვა ფუნქციები მათ გასაძლიერებლად. ჩვენი ორგანიზაციისთვის ეს იქნება წამყვანი ფუნქცია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ბავშვზე ზრუნვის მიმართულება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

სოცმუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენელის თქმით, დღეს დილით 239 სოცმუშაკიდან 40-მდე პირს გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაბარდა.