„სილქნეტიდან” გათავისუფლებულმა ორმა დასაქმებულებმა კომპანიას სასამართლო დავა მოუგო. სასამართლოსვე გადაწყვეტილებით, მარიამ იორამაშვილისა და საბა სუთიძის სასარგებლოდ კომპანიას კომპენსაციის გადახდაც დაეკისრა, – ამის შესახებ „პუბლიკას” დამოუკიდებელი პროფკავშირის „სოლიდარობის ქსელის” იურისტმა დავით ომსარაშვილმა განუცხადა.
„სოლიდარობის ქსელის” ცნობით, აღნიშნული პირები სხვა დასაქმებულებთან ერთად 2020 წლის 14 სექტემბერს გაიფიცნენ, რის შემდეგაც კომპანია „სილქნეტმა” ნაწილი დასაქმებულებისა გაათავისუფლა.
„ჩვენ მოვითხოვდით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. თუმცა, ამ ორი დასაქმებულის შემთხვევაში იმდენ ხანს გაგრძელდა სასამართლო პროცესი, რომ ხელშეკრულება, რომელიც „სილქნეტთან” ჰქონდათ, დასრულდა. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება – მიუხედავად იმისა, რომ ბრძანება ბათილად ცნო და თქვა, რომ ეს ადამიანები უკანონოდ გათავისუფლდნენ, აღარ აღადგინა სამსახურში და კომპანიას დააკისრა კომპენსაცია”, – ამბობს ომსარაშვილი.
ადვოკატს მიაჩნია, რომ სასამართლომ დასაქმებულების სასარგებლოდ სამართლიანი და ადეკვატური ოდენობა განსაზღვრა.
„ასეთ შემთხვევებში სასამართლო ითვალისწინებს სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის იმას, თუ რამდენი პერიოდი გაცდა, დასაქმდა თუ არა შემდეგ ეს ადამიანი, რა ასაკისა და პროფესიის არის – შეუძლია თუ არა, რომ მარტივად დასაქმდეს და ა.შ.”, – ამბობს ომსარაშვილი.
მისი თქმით, „სილქნეტიდან” სხვა გათავისუფლებულების სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს. 9 საქმიდან სასამართლოს გადაწყვეტილებას 7 ელოდება.