დასაქმებულების პროტესტი | რატომ გაათავისუფლეს „სილქნეტიდან“ 30-მდე თანამშრომელი

პუბლიკა

6 სექტემბერს კომპანია „სილქნეტის“ ტექნიკურ ქოლცენტრში დასაქმებულმა 80-ზე მეტმა თანამშრომელმა ხელმძღვანელობას ელექტრონული ფოსტით წერილი გაუგზავნა, სადაც სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 30%-ით გაზრდას მოითხოვდა. დასაქმებულები წერილში მიუთითებდნენ, რომ მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, 14 სექტემბერს, 5 საათიდან გაფიცვას გეგმავდნენ. კომპანიისგან თანამშრომლებს ოფიციალური პასუხი არ მიუღია. დასაქმებულებმა პროტესტის ნიშნად სამუშაო პროცესი შეწყვიტეს. მოგვიანებით, სხვადასხვა მიზეზის გამო, თანამშრომლების ნაწილი გაფიცვას გამოეთიშა, 30-მდე დასაქმებული კი კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

როგორც „პუბლიკასთან“ კომპანიის თანამშრომლები ჰყვებიან, კომპანიაში წლების განმავლობაში დასაქმებულების დატვირთვა, სამუშაოს მოცულობა იზრდება, მაგრამ ანაზღაურება და სამუშაო პირობები არ იცვლება. ისინი ჰყვებიან, რომ კომპანიაში მუდმივად შიში და მუქარაა, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში ყველას სამსახურიდან დაითხოვენ.

კომპანიის ტექნიკური ქოლცენტრის ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი, ვასო თედიაშვილი გვიყვება, რომ თანამშრომლებმა კომპანიის ხელმძღვანელობას გაუგზავნეს წერილი, სადაც დარიცხული ხელფასის 30%-ით ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ამავე წერილში ისინი კომპანიას აფრთხილებდნენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში 14 სექტემბერს 5 საათიდან შეწყვეტდნენ სამუშაო პროცესს და დაიწყებდნენ გაფიცვას. წერილს ახლდა ტექნიკური განყოფილების 83 თანამშრომლის ხელმოწერა.

„წერილის შემდეგ იწყება ჩამორეკვა სათითაოდ ყველა თანამშრომელთან. ძალიან კონკრეტულად გვეუბნებოდნენ  -ან რჩები ამ სამუშაო პირობებში და ხმას არ იღებ ამ თემაზე (ხელფასის ზრდის თემა საერთოდ არ განიხილება, საუბარიც ზედმეტია მაგაზე), ან ახლავე დგები და მიდიხარ. მერე ფეისბუქზე გვქონდა, ცვლაში ვინც ვიყავით, 10-კაციანი ჯგუფები. იქ ცვლის უფროსები გვეუბნებოდნენ, ვინც ვიღებდით მონაწილეობას და ვეთანხმებოდით გაფიცვას, პლუსი დაგვეწერა. რაოდენობის გარკვევა უნდოდათ. მივაწოდეთ ეს ინფორმაციაც.

ორშაბათს, 14 სექტემბერს, 5 საათზე კი შევწყვიტეთ სამუშაო პროცესი, რადგან არავინ შეგვხმიანებია. თანამშრომლებს ცალ-ცალკე სწერდნენ, რომ თქვენ არაფრის ღირსები არ ყოფილხართ, თურმე თავზე მათრახით უნდა დაგდგომოდით, როცა მუშაობდითო. გვწერდნენ, რომ სხვა დონის ხალხი ვეგონეთ და უტვინო ბავშვები გამოვდექით. ამ მიმოწერის სქრინებიც გვაქვს შენახული“, – გვიყვება ვასო თედიაშვილი.

როგორც კომპანიიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს, ამის შემდეგ თანაშრომლებს ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ, გაეგრძელებინათ მუშაობა, თორემ სამსახურიდან გაუშვებდნენ. ვასო თედიაშვილი ჰყვება, რომ იმ პერიოდში გაფიცვის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა, თუმცა კომპანია ამას უარყოფდა და თანამშრომლებზე მუქარას აძლიერებდა. ამ პერიოდში რამდენიმე თანამშრომელი გაეთიშა გაფიცვას და იძულებით დაუბრუნდა სამუშაო პროცესს. დანარჩენები კი პროტესტს აგრძელებდნენ.

„მოგვწერეს, რომ ჩვენს გაფიცვას არ ცნობდნენ,  შესაბამისად, ყველა გაცდენილი დღე, რომელიც არ ვიმუშავეთ, ჩაგვითვალეს არასაპატიო გაცდენაში და 3 არასაპატიო გაცდენის შემდეგ ყველანი გაგვათავისუფლეს სამსახურიდან. ფოსტით მოგვივიდა კიდეც ბრძანება, რომ სამსახურიდან გაგვიშვეს“, – ამბობს ვასო თედიაშვილი.

კომპანია „სილქნეტში“ სამი წლის განმავლობაში მუშაობდა მზეკო საძაგლიშვილიც, რომელიც ახლა გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორისაა. ის სამუშაო პირობების შესახებ უფრო მეტ დეტალს გვიყვება და ამბობს, რომ მუდმივად ჰქონდათ კომპანიის წარმომადგენლებთან საუბარი სამუშაო რეჟიმისა და პირობების შესახებ, მაგრამ პასუხი ყოველთვის უცვლელი იყო – კომპანიას რესურსი არ აქვს.

„თავიდან ვიყავით ნუცუბიძეზე ერთ-ერთ ოფისში, შემდეგ სხვა განყოფილების ხალხი გადმოიყვანეს  და ჩვენ სამზარეულოშიც აღარ გვქონდა შესვლის უფლება. სადაც ვმუშაობდით და ზარებს ვიღებდით, იქვე ვჭამდით საჭმელს. ვერ ვეტეოდით. სასწრაფოდ გაარემონტეს ვითომ ეს გლდანის, ქერჩის მისამართი და იქ გადაგვიყვანეს. რამდენიმე თვეში ჭერი ჩამოგვენგრა. რამდენიმე ნაბიჯით გამოასწრეს თანამშრომლებმა. ფოტოს თუ ნახავთ, მიხვდებით, ისეა ჩამონგრეული ჭერი, ადამიანი სერიოზულად დაშავდებოდა.

კორონას პერიოდში კომპანია ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ სამუშაო ადგილზე დისტანცია ყოფილიყო დაცული. ელემენტარული სადენზინფექციო ხსნარიც კი რომ მოგვიტანეს, ორ დღეში დაიცალა და ერთი კვირა ჯერ დაცლილი იდო, მერე აღარც  ეს ხსნარი გვონია. მაგიდის გასუფთავებასაც ვერ ვახერხებდით, რადგან ერთ მაგიდასთან რამდენიმეს გვიწევდა მუშაობა. თან ისე ხდება, რომ დროულად უნდა ჩაერთო მუშაობაში. სხვის მაგიდასთან ისე დავმჯდარვარ, ფიზიკურად გადაწმენდაც კი ვერ მომისწრია.  დაცული საერთოდ არ იყო ამ მხრივ გარემო. რაც შეეხება დისტანციურად გადასვლას, გვითხრეს, ვისაც კომპიუტერი გაქვთ, სახლიდან იმუშავეთ, ვისაც არ გაქვთ, ოფისში იარეთო.  

რა თქმა უნდა, ყველას ჰყავს ოჯახი, ბავშვები და არავის უნდოდა მათთვის საფრთხის შექმნა. ამიტომ დავიწყეთ ზრუნვა, რომ კომპიუტერი გვქონოდა. მეც ვთხოვე პირადად ჩემს უფროსს კომპიუტერი. პასუხი იყო უარი, რომ კომპანია ვერ გაგვატანდა კომპიუტერებს. მერე ჩემი მეგობრისგან ვიყიდე კონკრეტული ნაწილი, რომ ჩემი კომპიუტერი გამემართა და სახლიდან მემუშავა. ბევრმა თანამშრომელმა სესხი გააკეთა და კომპიუტერი გამოიტანა“, – ჰყვება მზეკო საძაგლიშვილი.

ის ამბობს, რომ წლების განმავლობაში კომპანიას ტოვებდნენ გამოცდილი კადრები, რადგან ვერასდროს მოხერხდა კომპანიის მხრიდან  ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და შესაბამისი ანაზღაურებით დაკმაყოფილება. მზეკო საძაგლიშვილის თქმით, კომპანია არასდროს ინტერესდებოდა, რატომ ხდებოდა გამოცდილი კადრის გადინება. ბოლო წლებში კომპანიამ დაიმატა რამდენიმე პროდუქტი, მაგალითად, როგორც მზეკო გვეუბნება, გლობალტივი, მარტივის ინტერნეტი და ტელევიზია, სილქსატი და ა.შ. თანამშრომლები კი უფრო და უფრო მცირდებოდნენ.

კომპანიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ დასვენების დღეებშიც იძულებულები იყვნენ ემუშავათ, თუმცა ზეგანაკვეთური ანაზღაურება არასოდეს მიუღიათ.

გამოსავალი რჩებოდა გაფიცვა, რასაც წლების განმავლობაში ვერ ვახერხებდით, რადგან დანერგილი იყო  ეს შიში, რომ თუ გაიფიცები, ან ხმას ამოიღებ, გაგაგდებენ. როგორც ვიცი, 25 ადამიანი ვართ გათავისუფლებული, დანარჩენები ჯერ არ გაუთავისუფლებიათ. კომპანიის მხრიდან იყო მოთხოვნა – ბოდიში მოიხადონ და სამსახურში აღვადგენთო.  გაფიცვის დღიდან ეიჩარზე გვიგზავნიდნენ არასაპატიო გამოცხადების სანქცირებებს.

ამ სანქცირებებს უკან ვაბრუნებდით და ვუთითებდით, რომ ეს არ არის არასაპატიო გამოუცხადებლობა, არამედ ეს არის გაფიცვა, რომელზეც თქვენ ერთი კვირით ადრე იყავით ინფორმირებული. შემდეგ გაგვითიშეს ეიჩართან წვდომა, ვეღარ შევდიოდით, რომ უკან აღარ გაგვეტრიალებინა ეს სანქცირებებები. მერე თვითონვე დაადასტურეს და გათავისუფლების ბრძანება მოგვივიდა“, -ამბობს მზეკო საძაგლიშვილი.

„პუბლიკას“ კომპანიაში დაუდასტურეს, რომ 30-მდე თანამშრომელი მართლაც გაათავისუფლეს სამსახურში გამოუცხადებლობის გამო.

„მათ მიეცათ შენიშვნა, გაფრთხილება, ვადა და ასე შემდეგ, მაგრამ ისინი არ გამოცხადდნენ სამსახურში და გათავისუფლების მიზეზიც ეს არის. გაფიცვასთან დაკავშირებით დეტალები ჩემთვის უცნობია. ამბავი რომ მოვიკითხე, მიზეზად სამსახურში გამოუცხადებლობა დაასახელეს.  უმეტესი ნაწილი სამსახურში დაბრუნდა და ვინც არ გამოვიდა, მათ მიეცათ შენიშვნა, რაც გათვალისწინებულია კოდექსით და ამის შემდეგ გათავისუფლდნენ“, – გვითხრეს კომპანიის პრესსამსახურში.

კომპანიის თანამშრომლების პროტესტისა და გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „სოლიდარობის ქსელმა“ გაავრცელა. სამართლებრივი დახმარებისთვის კომპანიის თანამშრომლებმა სწორედ მათ მიმართეს. „სოლიდარობის ქსელში“ ამბობენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ დასაქმებულებს და საკითხის შესწავლას იწყებენ.

როგორც „პუბლიკასთან“ იურისტი დავით ომსარაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე ისინი კომპანიისგან მოითხოვენ წერილობით დასაბუთებას, რის საფუძველზე შეუწყვიტა კომპანიამ თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ადამიანები უკანონოდ არიან გათავისუფლებული. გათავისუფლების ბრძანებაში არ იყო კარგად განმარტებული მიზეზი. ფაქტია, რომ კომპანია უარყოფს პრობლემის არსებობას. არაერთი დასაქმებული გამოვკითხეთ, რომელიც იმავეს ამბობს, რასაც გათავისუფლებული თანამშრომლები. კითხვები ჩნდება რამდენად კეთილსინდისიერად იმოქმედა კომპანიამ იმ პირობებში, როცა დასაქმებულებმა პროტესტი გამოთქვეს. იმის ნაცვლად, რომ კომპანიას პრობლემის გადაჭრის გზები ეპოვა და დასაქმებულებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო, მან  შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა გადაწყვიტა.

საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკაა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უნდა იყოს უკიდურესი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობდა სხვა გამოსავალი. დასაქმებული არ მოქცეულა არაკეთილსინდისიერად, პირიქით, ის აფრთხილებდა და კომპანიასთან პრობლემებზე მუდმივად საუბრობდა. როგორც მე ვაფასებ, კომპანიას არაფერი გაუკეთებია.  უბრალოდ დასაჯა ეს დასაქმებულები და უმკაცრესი მეთოდი გამოიყენა მათ წინააღმდეგ. ვნახავთ, ჯერ რა დასაბუთებას მოგვცემს კომპანია. ჩვენ იურიდიულ დახმარებას გავუწევთ გათავისუფლებულებს, შესაძლებელია კოლექტიური სარჩელის მომზადებაც“, – გვეუბნება იურისტი.

გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ კომპანია ცდილობს მათზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, თითქოს სხვა მიზეზების გამო არიან გაფიცული. ისინი ხაზს უსვამენ, რომ მათი მოთხოვნაა ხელფასის მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

„უსამართლოდ გამოგვიშვეს სამსახურიდან. გვინდა ბოლომდე ვიბრძოლოთ, თუნდაც ვერ მივიდეთ იმ შედეგამდე, რომელიც ჩვენ გვინდა და  ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს – მაინც გვიღირს! რადგან ხალხმა ნახოს, რა ხდება ამ  კომპანიაში და სხვებისთვის ცოტათი მაინც გავაუმჯობესოთ გარემო, ჩვენ თუ ვეღარ შევძლებთ უკეთეს პირობებში მუშაობას“, – ამბობს „სილქნეტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომელი ვასო თედიაშვილი.