„გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ“ - მიხეილ სააკაშვილი

პუბლიკა

„ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ! თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ“, – საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან წერილს ავრცელებს. ექსპრეზიდენტი ბათუმში და ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

„ვუყურებ ახლა ბათუმში მუსიკალური სკოლისთვის ჩემი და ლევანის აშენებულ შენობას, სადაც ოცნებამ უმაღლესი საბჭო შეასახლა. ბათუმის მერია – გიორგი კირთაძე, ახლა ჩვენი და მათ შორის ჩემი, საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია. ზუგდიდის მერია ანზორ მელია და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება. ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს – გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ! თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს ბათუმსა და ზუგდიდში 2017 წლის საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტები პროტესტის ფონზე დაამტკიცეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ძველი მოწვევის საკრებულოს წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ არ დაამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველობის 2022 წლის ბიუჯეტი.

მათი თქმით, 2017 წლის საკრებულომ, რომლის უფლებამოსილებაც 1 კვირაში სრულდება, ქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი არ უნდა დაამტკიცოს და ეს შესაძლებლობა ახალ საკრებულოს უნდა დაუტოვოს.

ზუგდიდსა და ბათუმში საკრებულოების სხდომების პარალელურად მიმდინარე აქციებზე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.