„გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას, რა" - ოდიშარიას სექსისტური მიმართვა ნაცვლიშვილს

პუბლიკა

„ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ „ლელოს” წევრს, ანა ნაცვლიშვილს სექსისტურად მიმართა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას მოუწოდა, რომ „მანდილის ღირსებას გაუფრთხილდეს”.

„გუშინ ვერ მოვასწარი და ქალბატონო, ანა, დაანებეთ, რა ამ მასწავლებლობას თავი. სხვათა შორის, ჩვენს ზრდილობასთან მიმართებაში სანამ დაიწყებთ აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ, რა და უსმინეთ თქვენს გამოსვლებს ტრიბუნიდან. როგორ საუბრობთ, რა ლექსიკით ესაუბრებით კოლეგებს. ქალი ხარ და არ გეკადრება, რა, ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას, რა”, – თქვა ოდიშარიამ.

ამ განცხადებამდე ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და მოუწოდა, დარბაზში სიჩუმე შეენარჩუნებინა – მან პაპუაშვილს უთხრა, რომ მოეწოდებინა უმრავლესობის წევრებისთვის პატივი ეცათ გამომსვლელისთვის. იმ დროს ტრიბუნიდან ნინო წილოსანი კანონპროექტს წარადგენდა, თუმცა ოდიშარიას სექსისტური განცხადებას არ გამიჯვნია.

გუშინ ნაცვლიშვილმა ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ ქვეყანას „პარლამენტი რომ ჰყავდეს”, ხელისუფლებას უნდა ავალებდეს, სასწრაფოდ გაატაროს სწორი პოლიტიკა, რომელიც იქნება ორიენტირებული არა მომხმარებლების დასჯაზე და დემონიზებაზე, არამედ რეალიზატორების და მათი მფარველების გამოვლენაზე/დასჯაზე.