„გაუგებარია, კონკრეტულად რა შენიშვნას მაძლევს პრეზიდენტი“ - ჯაღმაიძე

პუბლიკა

„მაკვირვებს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი. ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულოვანებისა არ ყოფილა“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსში მის მიმართ უკმაყოფილებაა გამოთქმული, რაც გაუგებარია. მისი თქმით, პრეზიდენტის პატრიარქთან შეხვედრის სურვილის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტის ზარის შემდეგ გახდა ცნობილი, რის შემდეგაც დააზუსტა ინფორმაცია და ჟურნალისტს შეფასების გარეშე დაუდასტურა, რომ პრეზიდენტს დღეს სურდა შეხვედრა და ეს არ მოხერხდა და ზოგადად, პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის არ არის შესაძლებელი.

„პრეზიდენტის თხოვნის თაობაზე, პატრიარქთან შეხვედრის სურვილის შესახებ, ჩემთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტის ზარის შემდეგ. დავაზუსტე ამ თხოვნის ფაქტის შესახებ, და ყოველგვარი შეფასების გარეშე ჟურნალისტს გავეცი პასუხი: – დიახ იყო ასეთი თხოვნა პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ არ მოხერხდა. პრეზიდენტს დღეს სურდა შეხვედრა და არ მოხერხდა. ზოგადად პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. დაახლოებით ეს იყო საუბრის შინაარსი. ფაქტს ვერ დავმალავდი და გაუგებარია, კონკრეტულად რა შენიშვნას მაძლევს პრეზიდენტი“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე facebook-ზე.

დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა facebook-ზე დაწერა, რომ საპატრიარქოს პრესმდივანმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენოს პრეზიდენტი და პატრიარქი. მისი თქმით, პატრიარქთან შეხვედრას სურვილი იყო პირადი ხასიათის და ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის, როდესაც საპატრიარქოს პრესსპიკერი საჯარო კომენტარს აკეთებს.

„ამ მოცემულობიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!“, – წერია პრეზიდენტის განცხადებაში.