გაუგებარია, როცა ევროპას, ამერიკას ყველაფერს აბრალებ და მაინც იქ უშვებ შვილებს - ზურაბიშვილი

პუბლიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მმართველი გუნდი გააკრიტიკა. სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა რუსეთთან პირდაპირ ფრენასა და ლავროვის შვილის ჩამოსვლაზე ხელისუფლების რეაქციას, ასევე მმართველი გუნდის მხრიდან დასავლეთის კრიტიკასა და ბრალდებებს ეხებოდა.

„გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, „ქართველობის წართმევას“, გარყვნილობას და მაინც, საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ. საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ.

დღეს ის დღეა, როცა ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, ვეძებოთ გამოსავალი და დავიბრუნოთ მომავლის იმედი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოება არ დათმობს თავისი შვილების მომავალს, ევროპულ არჩევანს, ხელისუფლებამ კი უნდა შეასრულოს ხალხისთვის მიცემული პირობა და იმოქმედოს დასავლეთთან დაახლოებისთვის.

„ქართველ ხალხს, ყველა ხელისუფლება ამ პირობას აძლევდა. დღევანდელმა ხელისუფლებამაც ქართველ ხალხს ეს პირობა მისცა და მეტიც კონსტიტუციით გაამყარა ევროინტეგრაციის გზა. დღეს, როცა ქართველი ხალხი ისევ ამ გზაზეა და ითხოვს მისი ნების აღსრულებას ხელისუფლება სადაა?

ხელისუფლებისთვის დრო აღარ ითმენს, რომ დაუბრუნდეს საკუთარ სიტყვას, გამოცხადებულ მიზანს და შეასრულოს ხალხისთვის მიცემული პირობა. ხელისუფლებამ ამ დარჩენილ დროში უნდა იფიქროს, იმაზე თუ რისი შესრულება შეუძლია. არა იმიტომ, რომ ვინმე გვკარნახობს, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის გზაა და ამას ალტერნატივა არგააჩნია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.