გაუმჯობესდება ადრეული შეტყობინების სისტემები - კობახიძე

პუბლიკა

პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში გასულ დღეებში სტიქიამ ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებაზე ზრუნვის მნიშვნელობა გაააქტუალურა.

„დასავლეთ საქართველოში გასულ დღეებში განვითარებულმა სტიქიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად პრიორიტეტულია გარემოს დაცვასა და ბუნებრივი კატასტროფის რისკების შემცირებაზე ზრუნვა გლობალური კლიმატური ცვლილებების პირობებში.

ამ მიზნით მთავრობა უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ მოთხოვნებთან ჰარმონიზაციას, გაუმჯობესდება მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინებების სისტემები, გაფარდოვდება ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგის და შეფასების სისტემები, გაიზრდება გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების ეფექტიანობა და ევროკავშირის პროცესებთან განხორციელდება სამრეწველო ემისიების რეგულირება“, – განაცხადა კობახიძემ.

ბაღდათის რაიონში 7 თებერვალს ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი ჩაიყოლა და 9 ადამიანი იმსხვერპლა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენში პროგნოზირებული იყო ამ სოფელსა და ბაღდათის სხვა სოფლებში მეწყრის საშიშროება. სააგენტო გასულ წელს აცხადებდა, რომ ეს დოკუმენტი გააცნეს როგორც მუნციპალიტეტებს, ასევე სამთავრობო უწყებებს, თუმცა გუშინ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადეს, რომ მათ არ იცოდნენ, ტერიტორია თუ მეწყერსაშიში იყო.

მანამდე, 6 თებერვალს ხულოში ზვავს, ხოლო ქედაში მეწყერს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ამავე დღეს მოლითში მეწყრის გამო „რკინიგზამ“ დასავლეთ საქართველოს რეისები გააუქმა.

2023 წელს შოვსა და გურიაში, აგვისტო-სექტემბერში სტიქიას 40-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მეწყერმა მოიყოლა 33 ადამიანი, ნაპოვნია 32 ცხედარი.

გურიაში კი, 8 სექტემბერს მეწყერში მოყვა 3 ადამიანი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი.