თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის” ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე გაუპატიურების ბრალდებაში გაამართლა, ხოლო ძალადობასა და მუქარაში დამნაშავედ ცნო და 1 წელი მიუსაჯა.
როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ნაკაიძის ადვოკატი ლალი ბიბილეიშვილი განმარტავს, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაამართლა გაუპატიურების ნაწილში (სსკ-ის 111 – 137 მუხლი), ასევე გაამართლა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებაში (157 პრიმა);
ოჯახში ძალადობის ბრალი გადაუკვალიფიცირდა ძალადობის მუხლზე (სსკ-ის 126-ე მუხლი).
მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო ძალადობასა და მუქარაში (სსკ-ის 151 მუხლი) და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან 9 თვე ნაკაიძეს უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად ის საპატიმრო დაწესებულებას 3 თვეში დატოვებს.
პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე. სამართალდამცველებმა ის 16 აგვისტოს დააკავეს.