„გაუქმდეს რელიგიის საკითხთა სააგენტო, შემუშავდეს რელიგიის თავისუფლების პოლიტიკის გეგმა" | განცხადება

პუბლიკა

ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმაურებიან ბოლო დღეებში სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებენ მთავრობასა და პარლამენტს, გაიაზრონ რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სისტემური გამოწვევები და მისი მძიმე სოციალური ეფექტები და დროულად დაიწყოს ამ სფეროში ფუნდამენტური რეფორმები.

მათივე განცხადებით, მოუწოდებენ მთავრობას, გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და დაუყოვნებლივ შექმნას ამ სფეროში რეფორმის დემოკრატიული და ინკლუზიური პროცესი.

„მნიშვნელოვანია, რომ ბუკნარში გამოვლენილი რელიგიური შევიწროების შემთხვევაზე სახელმწიფოს შედარებით აქტიური რეაგირება ჰქონდა. წინა გამოცდილებებისგან განსხვავებით, რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის სასარგებლო განცხადებები გაკეთდა მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან, ადგილზე მედიაციის პროცესი ხარვეზებით, თუმცა მაინც დროულად დაიწყო და გამოჩნდა პოლიციის სამართლებრივი რეაგირებაც. თუმცა, დომინანტური რელიგიური თემის შიგნით გამოვლენილი პრობლემური ხედვებისა და სენტიმენტების, ასევე ჩვენს გარემოში გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიის გათვალისწინებით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი გვგონია სახელმწიფომ სოფელი ბუკნარის თემში და ასევე, რელიგიური/ეთნიკური კონფლიქტის გამოცდილების ან ამგვარი რისკის მქონე თემებში გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა გაატაროს.

არსებითია იმის აღნიშვნაც, რომ ბუკნარის შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარების ქვეშ მოქმედი და რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე მთავრობის ექსკლუზიური უწყების – სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მკვეთრად არაეფექტიანი როლი და წლების განმავლობაში მისივე ორგანიზებული პოლიტიკის მძიმე შედეგები. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყების კომპეტენციაში რელიგიური დაპირისპირების გადაჭრის ხელშეწყობა შედის, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კონფლიქტების გადაჭრაში უწყება აქტორი არ ყოფილა და მათი მონაწილეობა მედიაციის პროცესში ხილვადი არ იყო, რაც ამ უწყების მიმართ არსებული მკვეთრი კრიტიკითა და უნდობლობით უნდა აიხსნას. მეტიც, მედიაში უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის რეალურ გამოწვევებსა და რელიგიური თემების საჭიროებებს ღიად უგულებელყოფს. ამასთან ცალკე ყურადღება უნდა დაეთმოს სოფელ ბუკნარის კონფლიქტზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიმართ მუსლიმი თემის მიერ გაჟღერებულ კრიტიკას, რომელიც სწორედ სააგენტოს და უფრო ფართოდ მთავრობის  მხრიდან არადომინანტური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგია. ხელმომწერი ორგანიზაციები აქვე ჩვენს პირად პატივისცემას ვადასტურებთ სამუფტო სამმართველოს ხელმძღვანელებისა და სხვა თანამშრომლების მიმართ…

2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნების შემდეგ არც ერთი ეს მნიშვნელოვანი საკითხი არ გადაჭრილა. ამის საწინააღდეგოდ ჩვენ მუდმივად ვხედავდით სააგენტოს მკვეთრად რეგრესულ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე არსებობს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა, ასევე ჩანს პოზიტიური რეფორმების დინამიკა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის, ასევე განათლების სამინისტროს სისტემებში, ფუნდამენტური პრობლემები რელიგიის თავისუფლების სფეროში კვლავ გადაუჭრელი რჩება.

ჩვენი დაკვირვებით, ცვლილიებების პროცესს არსებითად აფერხებს მთავრობის მიერ რელიგიის თავისუფლების სფეროს დანახვის პრობლემური პერსპექტივა და მისი ინსტიტუციური მოწყობა, სადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამ სფეროში მთავრობის ექსკლუზიური აქტორად განიხილება. ჩვენთვის წარმოუდგენელია ამ უწყებისა და მისი პოლიტიკის არსებობის  პირობებში რელიგიის თავისუფლების სფეროში პოლიტიკის პოზიტიური ცვლილება და ამისთვის აუცილებელი დემოკრატიული კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან,  რადგან აღნიშნულ უწყებას

1. პრობლემური მანდატი და ბუნდოვანი კომპეტენციები აქვს, რომელიც მას თვითნებობის და არადემოკრატიული/არაგამჭირვალე მუშაობის შესაძლებლობებს აძლევს;

2. რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის მეტწილად უსაფრთხოებაზე და იერარქიებზე დაფუძნებული  ხედვები აქვს;

3. ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო მუშაობის გამოცდილება აქვს;

4. რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა აქტორების დაბალი ნდობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ უწყების მიმართ მკვეთრი კრიტიკა აქვთ დაფიქსირებული საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ავტორიტეტულ ექსპერტულ წრეებს.

ამ უწყების მიმართ ღრმა უნდობლობა და კრიტიკა რელიგიური ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა აქტორების მიერ დაფიქსირდა მისი დაარსებიდან პირველივე დღეებში, როცა მაკონტროლებელი „რელიგიური სამინისტროს“ შექმნის რისკებს ვხედავდით და ამ უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ რეგრესულ, უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებსა და განცხადებებს ვისმენდით. სამწუხაროდ, ეს კრიტიკა და ნდობის კრიზისი მთავრობას სერიოზულად არასდროს განუხილავს და მას შემდეგ არა თუ რეფორმის პროცესი, სახელმწიფოსთან თავისუფალი დემოკრატიული კომუნიკაციაც კი შეჩერდა ამ თემაზე.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კიდევ ერთი კრიზისის ფონზე მაინც, გამოხატონ მაღალი ინტერესი  რელიგიის თავისუფლების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი მძიმე უფლებრივი და სოციალური შედეგების მიმართ და

  1. შეცვალოს რელიგიურ ორგანიზაციებთან და თემებთან მუშაობის არსებული პერსპექტივა და ის თანასწორობის, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და რელიგიის თავისუფლების სტანდარტების განუხრელ დაცვას დააფუძნოს, ნაცვლად უსაფრთხოების, კონტროლის და რელიგიური ჯგუფების იერარქიზების მიდგომისა. ამ კუთხით არსებითია შეწყდეს ცალკეული რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და მათ ავტონომიაში ჩარევის პრაქტიკა, რომელსაც უნდობლობისა და არაფორმალური ორგანიზების ნეგატიური პრაქტიკები მოჰყვება;
  2. შეიმუშავოს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშრისო აქტორების რეკომენდაციებს, ასევე სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და ადამიანის უფლებათა აქტორებთან ორგანიზებულ დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება;
  3. გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო და რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციისა და პოლიტიკის კოორდინაციის ახალ მოდელებზე იმუშავოს, რომელიც შექმნილი ნეგატიური გამოცდილებების კრიტიკულ ანალიზსა და შესაბამის აქტორებთან დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება.

ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვთქვამთ მზადყოფნას ზემოთ წარმოდგენილ საკითხებზე კომუნიკაცია გავაგრძელოთ საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი არიან:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • ევანგელურ – ბაბტისტური ეკლესია; 
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი; 
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო;
  • ევანგელისტური ეკლესია;
  • პლატფორმა სალამი;
  • სოლიდარობის პლატფორმა.