გაუქმება უკავშირდება ჩვენს გადაწყვეტილებებს, ეს შეიძლება იყოს ლაშქარავას საქმეც - თოლორაია

პუბლიკა

„რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ჩვენს გადაწყვეტილებებს, რომელსაც ჩვენ ვიღებდით შექმნის დღიდან დღემდე, ეს უკავშირდება გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენ მიღებული გვაქვს, როგორც პერსონალურ მონაცემების დაცვის მიმართულებით და, კი ბატონო, ერთ-ერთი ქეისი შეიძლება იყოს ლექსო ლაშქარავას საქმეც და ასევე, ჩვენს საქმიანობას საგამოძიებო მიმართულებით“, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„რაც შეეხება იმ საკითხს, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა, კანონიერმა მუშაობამ, სხვას, უბრალოდ, ვერაფერს ვერ ვფიქრობ, სხვა ლოგიკური ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საკითხი არ წარიმართებოდა ასე კონსპირაციულად, ასე ნაჩქარევად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობის გარეშე, წინასაახალწლოდ, კანონპროექტის ჩვენთან გადმოგზავნის გარეშე“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.


ხვალ, 29 დეკემბრის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ.

მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტით სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.