გაურკვევლობა მოხდა და ჟურნალისტებმა გამოთქვეს პრეტენზია - ოხანაშვილი

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კომიტეტის დღევანდელი სხდომიდან ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანას გამოეხმაურა.

როგორც ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მისთვის გაურკვეველია რა მოხდა და „პოსტ ფაქტუმ ნახა გარკვეული კადრები“.

„მოგეხსენებათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგიერთი სხვა ჩვენი კოლეგა ცდილობდა კომიტეტის სხდომის ჩაშლას, რა დროსაც მე გამოვაცხადე ტექნიკური შესვენება კოლეგებთან კონსულტაციის მიზნით.

გაურკვევლობა მოხდა და ჟურნალისტემა გამოთქვეს პრეტენზია, მანდატურებმაც უზრუნველყვეს, რომ ჟურნალისტები შემოსულიყვნენ სხდომათა დარბაზში და გაეშუქებინათ ეს პროცესი ბოლომდე, ამიტომ, თუკი რაიმე გაურკვევლობა მოხდა, ამას გავარკვევთ, თუმცა არვინ არავის არ უნდა გადააბრალოს, ყველა მოქმედებდა კანონის შესაბამისად“, – ამბობს ოხანაშვილი.

გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი „ტვ პირველის“ ეთერში ჰყვება, როგორ დაატოვებინეს მანდატურებმა ძალის გამოყენებით დარბაზი.

„ხელების გადაგრეხვით, ძალით, არ ვიცი ვისი ბრძანება იყო. ერთ-ერთი მანდატური მეუბნებოდა შენ აქედან პირველი გახვალო. არ ვიცი რას ვაშავებდი ან რატომ უნდა გამოვსულიყავი. მეჭირა ტელეფონი და პირდაპირ ეთერში ვაშუქებდი „ტაბულაზე“!.

ძალით რომ გამოგვყარეს, მერე ეტყობა მიხვდნენ, რომ ასე არ შეიძლება, მერე გამოვიდა (სოფო კილაძე) და თქვა შემოვიდნენ ჟურნალისტებიო, როცა გვყრიდნენ, გვცემდნენ და ხელებს გვიგრეხდნენ მანდატურები. კადრებიც არის, მაშინ უნდა ეთქვა ანრი ოხანაშვილს ან სხვებს, რომ ნუ ძალადობთ ჟურნალისტებზე, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა“, – ამბობს ჟურნალისტი.

დღეს დეპუტატებმა იურიდიულ კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას კენჭი უყარეს. სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგადაც ჟურნალისტებს სხდომის დარბაზი დაატოვებინეს. კადრებში ჩანს, როგორ ატოვებინებენ მანდატურები ძალის გამოყენებით დარბაზს ჟურნალისტებს. მსგავს კადრებს ავრცელებს გამოცემა „ტაბულაც”.