გავაძლიეროთ კონტროლი, რომ კვლავაც არ მოხდეს ასეთი ტრაგედია - წაქაძე ტყიბულში დაღუპულებზე

პუბლიკა

დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ტყიბულში, ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვებისას დაღუპული ორი მუშის ოჯახებს მიუსამძიმრა.

„მინდა გამოვეხმაურო შაბათს ტყიბულში მომხდარ დიდ ტრაგედიას, რითაც ორი ადამიანი, ახალგაზრდა კაცი, კერძოდ, მოპოვების დროს, ისინი როდესაც ახორციელებდნენ ნახშირის მოპოვებას. დაიხოცნენ და მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მათ ოჯახებს. ვიტალი ტურძილაძის ოჯახს და ავთანდილ არსენიძის ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ღონისძიება გატარდა ამ მიმართულებით, კვლავ ხდება უკანონო მოპოვება რომელიც სამწუხაროდ იწირავს ადამიანებს. მინდა მოვუწოდო შესაბამის სამსახურებს კიდევ ერთხელ, რომ გავაძლიეროთ კონტროლი აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ კვლავაც არ მოხდეს ასეთი ტრაგედია“,- განაცხადა წაქაძემ.

ტყიბულში, ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვებისას ორი მუშა მიწის მასის ქვეშ მოყვა. მაშველებმა ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს, მეორე მუშა კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.