გავაგრძელებ ვიზიტებს. მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნებისა, სადაც უნდა ჩავიდე - ზურაბიშვილი

პუბლიკა

მე არსად არ მივდივარ, ჩემ გადადგომაზე ოცნება მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მან საზოგადოებას გერმანიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში ვიზიტების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მიმართა და აღნიშნა, რომ კვლავ გააგრძელებს ვიზიტებს სხვა ქვეყნებშიც.

„მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორ საქართველოს პრეზიდენტის და ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული“, – აღნიშნა მან.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ვიზიტებს ის თავისი სახსრებით ახორციელებს და უახლოეს მომავალში გეგმავს სხვა ქვეყნებში ჩასვლასაც.

„ამაყი ვარ, რომ ამას დღეს ჩემი სახსრებით ვაკეთებ, თუმცა, სახელმწიფოსთვის ეს სწორი არ არის. ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი სახსრებით არ უნდა დადიოდეს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

გავაგრძელებ, მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ამ 3 თვის განმავლობაში და მოვახერხებ მოვიარო ევროპის ყველა დედაქალაქი, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი და ოცნება და მომავლის დაცვა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 1 სექტემბერს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მთავრობამ ბოლო პერიოდში 10 ქვეყანაში ოფიციალური თუ სამუშაო ვიზიტის განხორციელებაზე უთხრა უარი.

ამის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შეხვედრები მაინც გამართა.