გავდივართ კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს აღსრულებადი | ტიკარაძე

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ახალი შტამი დაფიქსირებული არ არის.

მან ასევე ისაუბრა „მწვანე პასპორტის“ შესახებ და აღნიშნა, რომ გადიან კონსულტაციებს თუ როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს მეტად უფრო აღსრულებადი და კონტროლირებადი.

„შემთხვევითი არ არის იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც კოვიდსაშვი მოქმედებს. მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად დავაკვირდეთ კოვიდსაშვის რეგულაციებს, მისი მოქმედების მექანიზმს დავაკვირდეთ, აღსრულების მექანიზმი გავაკონტროლოთ და შემდეგ უკვე, ეს ეტაპობრივად გადავიტანოთ სხვა სექტორებზე.

რაც შეეხება ტრანსპორტს, გეთანხმებით, რომ ტრანსპორტი შეიცავს გარკვეულ რისკებს, თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება, რეგულაცია დაწესდეს მხოლოდ რეგულაციისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული რეგულაცია აღსრულებადი იყოს.

ტრანსპორტის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია. ამისთვის, ჩვენ ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს მეტად უფრო აღსრულებადი და კონტროლირებადი. ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა რეკომენდაციებს გავცემთ და როგორი იქნება შემდგომში რეგულაციები ტრანსპორტთან მიმართებაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.