გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფოთში იმყოფებოდა, საიდანაც მან მიმართვა გაავრცელა.

„მინდა მივმართო საზოგადოებას, მივმართო მთავრობას: ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას, პარლამენტს აქედან დიდი ჯიხაიშიდან, რამეთუ მომავალ წელს ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ნიკო ნიკოლაძის დაბადების 180 წელი. ეს საიუბილეო წელია და ამავე დროს ჩვენთვის, საქართველოსთვის მომავალი წელი გადამწყვეტი წელი იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე და ეს, დამთხვევა ალბათ, არ არის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ნიკო ნიკოლაძე იყო ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად ამზადებდა საქართველოს ევროპისთვის და რომელსაც შემოჰყავდა ევროპა საქართველოში. ამიტომ, ძალიან სწორი იქნება, მომავალი წელი იყოს ერთობლივად ნიკოლაძისა და ევროპის წელი.

„ამისთვის უნდა გავმართოთ, ალბათ, საერთაშორისო კონფერენცია, რამეთუ საჭიროა, რომ ნიკოლაძის საქმიანობის შესწავლასა და მის პოპულარიზაციაში ჩავრთოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ასევე, ქვეყანაში სტუდენტებთან, ადგილობრივ მმართველობასთან, ფოთში, დიდ ჯიხაიშში და არა მხოლოდ, შევისწავლოთ ის, თუ რა იყო ნიკო ნიკოლაძის ევროპის გზა.

ამავდროულად, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მართლაც ეროვნული თანხმობის საქმე.

ასე რომ, ყველა გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.