„გავლენები არის, ხალხის ხმა არ ისმის... ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე“ - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

პუბლიკა

„გავლენები არის, ხალხის ხმა არ ისმის. მე პოზიციას არ ვცვლი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი ვერ პასუხობს მისი სარედაქციო პოლიტიკით საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმეორებ გავლენა არსებობს, ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე და ამ პოზიციას არ შევიცვლი“, – განაცხადა საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე „მოამბის“ ტელეწამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

დღეს დაინტერესებული პირების ნაწილმა ვერ შეძლო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასწრება. დილით სიტყვიერი დაპირისპირება იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, სადაც არხის ტელეწამყვანებს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანსა და ნინო ზაუტაშვილს არ ეძლეოდა შენობაში შესვლისა და საბჭოს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. მოგვიანებით ისინი შენობაში შევიდნენ.

„მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე შავ ფორმებში ჩაცმულები, ყოველგვარი იდენტიფიკაციის შესაძლებლობის გარეშე მყოფი პირები არბევდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ვასილ მაღლაფერიძე იმყოფებოდა მოამბის საეთეროში, მარტივად დასადგენი ფაქტია, ამოვიღოთ ჩანაწერები, ვკითხოთ საეთეროს თანამშრომლებს. სხვა საკითხია, რას აკეთებდა, აქვს თუ არა მას უფლება, თქვას, რა გავიდეს და რა შევიდეს ეთერში – აქვს ამის უფლება? არავითარ შემთხვევაში არ აქვს.

კანონი ჩვენ გვავალდებულებს ყველაფერს, სარედაქციო დამოუკიდებლობას – აქვს თუ არა ვასილ მაღლაფერიძეს გავლენა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე? კი, აქვს. რანაირად აქვს? – მარტივად. მას აქვს შეხმატკბილებული ურთიერთობა არხის მენეჯმენტთან, მას აქვს ასეთივე ურთიერთობა აწ უკვე ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელთან და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან, რომ აღარ ვთქვათ არაფერი სხვა თანამშრომლებზე…“

ჟურნლაისტის ამ განცხადებას ხხდომის ბოლოს გამოემხურა ვასილ მაღლაფერიძე:

„მან ერთი კონკრეტული შემთხვევა მაგალითად მოიყვანა და მართლაც ვადასტურებ, რომ ასე იყო [საეთეროში ყოფნა]…  მე პირიქით ამას ნაკლად ვთვლი, მაგრამ მე გვიანობამდე არ ვარ ხოლმე, თუ რაღაც აუცილებელი არ არის და იმ საეთეროში, ალბათ, სულ 2-ჯერ ვიქნები ნამყოფი. ერთხელ, როცა გაკეთდა და მეორედ მართლაც ვიყავი, სწორი ინფორმაცი აქვს, ეს იყო ის პირველი აქციის დღე, როდესაც მე სახლიდან გამოვიქეცი, ტელევიზორში რასაც ვუყურებდი და აღარ დავიწყებ, იქ ჩვენს დალეწილ ჟურნალისტებს როგორ ვეძებდი პოლიციაში და ა.შ. რასაკვირველია, საეთეროშიც შევდიოდით, იმიტომ, რომ იქ ბევრი კადრები მოდიოდა და მთლიანად რომ დაგვენახა, როგორ იყო…“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საბჭოს სხდომაზე სოლიდარობა გამოუცხადა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს.

„სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს, ეს არის ჩემი სათქმელი ყოველი მოამბის დაწყებამდე. უკვე რამდენიმე დღეა, ეს ადამიანი შიმშილობს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ველში მოახვედრა მისი ამბავი, მაშინ, როდესაც ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, კონკრეტულ სპეციალისტებთან განვიხილოთ, შეესაბამება თუ არა მისთვის წარდგენილი ბრალი ქმედებას, შეიძლება თუ არა იურისტებმა განიხილონ ეს ქმედება, როგორც სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება, არის თუ არა ეს ასე.

განხილვის საგანია, შეიძლება თუ არა ასეთ ქმედებაზე შეუფარდო ადამიანს პატიმრობა და ძალიან ბევრი თემაა და საშუალება აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ საზოგადოების მრავალფეროვნება ასახოს, თემების მრავალფეროვნება ასახოს მოამბის მიღმა”, – თქვა მან.