პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავდნენ კანონპროექტს, რომელიც უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოდან გაძევებით შეცვლას ითვალისწინებს.
მომხსენებელ ალექსანდრე დარახველიძემ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ მიმართა შეკითხვით, სასჯელთან დაკავშირებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები გავრცელდება მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.
„ჩვენ შემოგვაქვს ახალი რეგულაციები, რომელიც უკავშირდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და რომელთაც ექნებათ უფლება, მოითხოვონ ვადაზე ადრე გათავისუფლება, რაც შეიძლება დაკმაყოფილდეს და მათ შორის ქვეყნიდან გაძევებაც მოჰყვეს ამ ყველაფერს.
თუმცა მინდა, კითხვა დავაკონკრეტო უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ის არის მსჯავრდებული არაერთ საქმეზე. მათ შორის უკრაინის მოქალაქემაც დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და 2021 წელს უკანონოდ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს მსჯავრი რიგ საქმეებზე, მაგრამ ასევე არსებობს ბრალი და გრძელდება საქმეები მასთან მიმართებით, ამ კანონის მიღებიდან, ვინაიდან რიგ საქმეებზე მას მსჯავრი ჯერ არ აქვს, გავრცელდება თუ არა აღნიშნული კანონპროექტი? საზოგადოებამ რომ კარგად იცოდეს, რომ ამ კანონპროექტის მიღების მიღმა არანაირი პოლიტიკური ინსინუაციები და სივრცე იმისა, რომ ვინმეს ეს კანონპროექტი მიხეილ სააკაშვილისთვის, ან მისი შესაძლო გათავისუფლებისთვის არ იღებს არავინ, მათ შორის საქართველოს პარლამენტი – ამ კითხვაზე უფრო კონკრეტული პასუხი რომ გაგვცეთ”, – იკითხა ბოჟაძემ.
ალექსანდრე დარახველიძემ შეკითხვის პასუხად განმარტა, რომ:
„როდესაც ცვლილება შედის კანონში, ეს ცვლილება ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. შესაბამისად, ბუნებრივია, ერთ ადამიანზე ვერ იქნება მორგებული ვერანაირი ცვლილება და გამორიცხულია, რომ ასეთი ცვლილება იყოს დაინიცირებული.
წარმოდგენილი ცვლილებებით ჩნდება მექანიზმი… ამ კითხვას ასეთი პასუხი უნდა გაეცეს:
თუ მსჯავრდებული აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული და ეს კრიტერიუმებია – მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა, წარსულში ნასამართლობა და ა.შ. იძლევა იმ საფუძველს, რომ ადგილობრივმა საბჭომ, რომელიც კომისიური წესით იხილავს ასეთ საკითხებს, მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ამ ადამიანის მიმართ გავრცელდეს შეღავათი, ის გამოიყენებს ამ შეღავათს.
თუკი რომელიმე მსჯავრდებული ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, [სააკაშვილზე] მე როგორც ვიცი, საბოლოო სასჯელი საერთოდ არ არის დადგენილი, ვინაიდან ნაწილ საქმეებზე, მე როგორც ვიცი, მას ბრალდებულის სტატუსი გააჩნია, ბუნებრივია, ვერ გამოიყენებს ამ მექანიზმს, თუკი კანონის მოთხოვნები არ შესრულდა.
…მნიშვნელოვანია ის, რომ უცხოელი მსჯავრდებულის შემთხვევაში, სავალდებულო არ არის განცხადებით მიმართვა საბჭოსადმი. აქ ავტომატურად, როგორც კი დადგინდება საბოლოო სასჯელი და მოიხდის უცხო ქვეყნის მსჯავრდებული კანონით გათვალისწინებულ ვადას, ავტომატურ რეჟიმში მოხდება ყველა [უცხოელი] მსჯავრდებულის საკითხის განხილვა. უცხოელი მსჯავრდებული ვერ გაძევდება ქვეყნიდან თუ მას თავის ქვეყანაში ელოდება წამება ან არასათანადო მოპყრობა. ბუნებრივია, ეს იქნება გამომრიცხველი გარემოება”, – თქვა დარახველიძემ.
რა იცვლება კანონში:
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით.
კანონპროექტით, უცხოელ მსჯავრდებულს – საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;
დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გათავისუფლდა, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე;
ე) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა ამ მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე”.
სააკაშვილს ჯამში 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მის წინააღმდეგ მიმდინარე ორი საქმეა – ე.წ. 7 ნოემბრისა და „საბოტაჟის”.