გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციასა და პომპეოს მოადგილეს შორის შეხვედრა ჩაინიშნა

პუბლიკა

ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდება, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.

შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია  „ტვ პირველის“ ეთერში დაადასტურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა დღეს 4 საათზეა ჩანიშნული.

„მივესალმები, რომ ჩაინიშნა გაუთვალისწინებელი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან – ფილიპ რიკერთან, რომელიც ყველაზე მაღალი დონის დიპლომატია ევროპის და გარშემო დიდ რეგიონში აშშ მხრიდან, რომელიც კონკრეტულად აღჭურვილია უფლებამოსილებით, ეს საკითხები გადაწყვიტოს“, – აცხადებს სააკაშვილი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიიდან ოპერამდე, ასფალტზე დააკრეს სტიკერები 2-მეტრიანი დისტანციის დასაცავად. მათი თქმით, მაიკ პომპეოს მიმართ ერთი გზავნილი აქვთ – „არჩევნები გაყალბებულია“.