საპროტესტო ჯაჭვი და მსვლელობა პარლამენტისკენ | რა გზავნილი აქვს ოპოზიციას პომპეოსთვის

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს.

რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიიდან ოპერამდე, ასფალტზე დააკრეს სტიკერები 2-მეტრიანი დისტანციის დაცვითვის და მათი თქმით, მაიკ პომპეოს ატყობინებენ ერთ გზავნილს – „არჩევნები გაყალბებულია”.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, აქციის მთავარი გზავნილია, რომ ქართველები თავისუფლების მოყვარული ერია, რომელიც არ შეეგუება არჩევნების გაყალბებას.

„ეს არის მთავარი გზავნილი, მეტი გზავნილი არ გვაქვს. ყველა, ვინც ფიქრობს, რომ გაყალბებულია; ყველა, ვინც თვლის, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, უნდა გამოვიდეს და თუნდაც სახლთან გააპროტესტოს ასე. ბოლოში ვფიქრობთ, რომ მსვლელობით დავასრულებთ პარლამენტისკენ. რამდენიმე გზავნილია – შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქისგან და მეორე – მადლობა ჩვენი თავისუფლების მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

  • 125862649-194054275512476-6091438543427131926-n
  • 125753212-734570990603464-5809879480496445136-n
  • 126049189-1103704736740111-8241791359031549265-n
  • 125761885-369164004348496-8274638204985850498-n
  • 5
  • 126246385-1071755249911163-3905286177454437623-n
  • 126061797-713638935916576-1984403411995150031-n
  • 01 /

 

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ეს პერფომანსი არის გზავნილი იმისა, რომ პროცესები, რომელიც განვითარდა არჩევნების შემდეგ, მალე დასრულდება ხალხის ნების ასახვით და რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის მომავალზე.

„მე მგონია, რომ ჩვენ შევთანხმდებით ყველა ერთად ახალ არჩევნებზე, როგორც საერთო გამოსავალზე. ახალი არჩევნები არ არის ის ახირება, რომელიც ვინმე ერთ მხარეს სჭირდება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მას დილიდან შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. წუთი-წუთზე მას ელოდებიან საქართველოს საპატრიარქოში, 12 საათზე კი პომპეო სამოქალაქო სექტორს შეხვდება.


ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, არსებული შედეგებით, არჩევნების I ტურში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, შეთანხმდნენ, რომ II ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ და უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.

ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. მოითხოვენ, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს.

ამ მოთხოვნით ოპოზიცია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩის ფასილიტაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან დაჯდა. შეთანხმების მისაღწევად, „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, ოპოზიციამ არჩევნების არსებული შედეგები აღიაროს.