გაზარდეთ ზეწოლა რუსეთზე ახალგორში მიმოსვლის აღსადგენად – NGO-ების მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებას

პუბლიკა

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო საზოგადოებას ახალგორში შექმნილ სიტუაციაზე რეაგირებას სთხოვენ.

NGO-ების განცხადებით, მოსაბრუნი-ოძისის გადასასვლელის დაკეტვამ ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა. უკიდურესად გაართულა იქაურებისთვის სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და სოციალური სერვისების მიღება.

სათანადო სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო, ახალგორის ათამდე მცხოვრები გარდაიცვალა. მათ შორის, მარგო მარტიაშვილი, მას შემდეგ, რაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის ნება არ დართო. მიმართვაში ნათქვამია, რომ ცოტა ხნის წინ მართალია, ცხინვალმა დროებით რამდენიმე ათეულ ადამიანს დართო ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ნებართვა, მაგრამ ეს უმნიშვნელო გაუმჯობესებაა ახალგორში შექმნილი კრიზისის დასაძლევად.

„არაერთმა ახალგორელმა გადაადგილების აკრძალვამდე დატოვა საკუთარი სახლი და თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდა. ადგილზე დარჩენილები კი, რომელთა რაოდენობა 1000 ადამიანს აღწევს, მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის, მათ შორის საკვების უკმარისობის და ყოველდღიური მოხმარების საგნებზე გაძვირებული ფასების პირისპირ აღმოჩნდნენ“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაში.

NGO-ების განცხადებით, გადასასვლელების ჩაკეტვის გარდა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გალისა და ახალგორის მოსახლეობის უფლებები თანდათანობით ისედაც იზღუდებოდა. მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და სხვა ფუნდამენტური უფლებები. ხოლო ისინი, რომლებმაც შეზღუდვის წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა, დე ფაქტო მთავრობების დევნის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. რისი მაგალითიც ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარა მეარაყიშვილია.

მიმართვაში ნახსენებია უკანონო დაკავება, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება თვეზე მეტი ხნით და საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობის  – დავით ბაშარულის (2014 წ.), გიგა ოთხოზორიას (2016 წ.), არჩილ ტატუნაშვილისა (2018 წ.) და ირაკლი კვარაცხელიას (2019 წ.) საქმეები.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, აღნიშნული ფაქტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და დაუყოვნებელ ქმედებას მოითხოვს.

„მოგიწოდებთ, გაზარდოთ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის მქონე ძალაზე, რათა დაუყოვნებლივ გაიხსნას ოძისი-მოსაბრუნის გადასასვლელი, შეწყდეს სამოქალაქო პირების უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან და საერთაშორისო მონიტორინგის მისიებს მიეცეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუბრკოლებლად შესვლის შესაძლებლობა.

ასევე, მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ყველა საჭირო ზომა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების სწრაფად მისაწოდებლად“, – ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვის ადრესატები არიან: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი; ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი; ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში; ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში; ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში; გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, რომელიც გაეროს წარმომადგენელია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში; Amnesty International-ის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი; Human Rights Watch-ის აღმასრულებელი დირექტორი და Freedom House-ის პრეზიდენტი.

ხელს კი შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ ხელს:

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  • კავშირი „საფარი“
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • მწვანე ალტერნატივა
  • ევროპის ფონდი
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“