გაზრდილია ნარკოტესტირებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი – EMC

ნათია ამირანაშვილი

გაზრდილია ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობა, ისევე, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის, კულტივირებისა თუ მოხმარების დანაშაულებზე, – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 2019 წელს ნარკოპოლიტიკის ძირითად ტენდენციებს აფასებს.

ანგარიშის მიხედვით, ნარკოტიკულ დანაშაულზე მიღებულ გამამტყუნებელ განაჩენთა უმეტეს შემთხვევაში (დაახლოებით 89%) გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება.

EMC განმარტავს, რომ საპროცესო შეთანხმების მაღალი წილი იმით არის განპირობებული, რომ საპროცესო შეთანხმება ნარკოტიკულ დანაშაულებზე კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სასჯელისგან გვერდის ავლის ერთადერთი შესაძლებლობაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში კანონით განსაზღვრულ უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის გამოყენება, ბრალდებისა და დაცვის მხარის შეთანხმებით დაიშვება.

მათი თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ხშირად, უკავშირდება იმ გარემოებასაც, რომ ამ შემთხვევაში, პირის მიმართ დამატებითი უფლებების შეზღუდვაზე ბრალდების მხარესთან მოლაპარაკება არის შესაძლებელი.

EMC-ის კვლევით, ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისთვის კვლავაც გამოწვევად რჩება დამატებითი უფლებების ჩამორთმევის მექანიზმი.

სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამამტყუნებელი განაჩენის სტატისტიკა:

საანგარიშო პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის 4 591 პირის მიმართ დაიწყო. საქართველოს საქალაქო სასამართლოების მიერ ამავე ნარკოტიკულ დანაშაულებზე ჯამში 3 127 პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 11 პირის მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი. საქმეთა დარჩენილ ნაწილზე სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია გამამტყუნებელ განაჩენებზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. თუ 2018 წელს გამამტყუნებელ განაჩენთა 24,7% დასრულდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებით, 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, ყველაზე მკაცრი სასჯელის შეფარდების მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ია და 615 მსჯავრდებულს შეადგენს.

EMC წერს, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უსამართლო და არაპროპორციული სასჯელის პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 2019 წელს ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებულთა მიმართ შეწყალების მექანიზმიც იშვიათად გამოიყენებოდა. პრეზიდენტის მიერ 2019 წლიდან დღემდე სულ შეწყალებული 96 პირიდან, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, შეძენისა და შენახვისთვის მსჯავრდებული 7 პირია შეწყალებული.

სასამართლო პრაქტიკის შესაფება:

EMC წერს, რომ ანგარიშზე მუშაობისას მთლიანობაში დამუშავდა სასამართლოს არსებითი წესით განხილვის შედეგად მიღებული 40 გადაწყვეტილება.

მათი თქმით, ხსენებულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოს მიდგომა და მტკიცებულებითი სტანდარტი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის საქმეებზე არსებითად არ შეცვლილა.

„წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკით, პოლიციელთა ჩვენებები, ჩხრეკის ოქმი და ნარკოტიკული საშუალების ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას წარმოადგენს…

კვლავაც პრობლემურია ნარკოტიკული დანაშაულის საქმეებში ნეიტრალურ მტკიცებულებების არსებობა, ისევე, როგორც სასამართლოს არაერთგვაროვანი პრაქტიკა ნარკოტიკულ დანაშაულებში ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზის შეფასებასთან დაკავშირებით”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ნარკოტესტირება 2019:

ანგარიშში აღნიშნულია, რომ  2018 წელთან შედარებით, მკვეთრად გაზრდილია ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ტესტირებისთვის გადაყვანილ პირთა საერთო რაოდენობა. ასევე, მცირედით არის მომატებული ტესტირებაზე წარდგენილ პირთა შემოწმების დადებითი შედეგის მაჩვენებელი. შემოწმებაზე გადაყვანილ პირთა 36%- ს კი, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა.