აქციების დროს დაკავებული გიორგი მინდაძის საქმეზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომელი/ინსპექტორი შმაგი ჯაჭვაძე დაიკითხა.
მისი თქმით, პიროტექნიკის კაფსულა რომ გასკდა და გაიშალა, მისი ნამწვი მოხვდა ფეხზე და მიიღო დამწვრობა – პირდაპირ ნასროლი პიროტექნიკა არ მოხვედრია.
„[29 ნოემბერს] ვიმყოფებოდით 9 აპრილის ქუჩაზე, ვიცავდით საზოგადოებივ წესრიგს, აქციის მონაწილეების მხრიდან იყო შეძახილები, ბლაგვი საგნების სროლა, სხვადასხვა ტიპის პიროტექნიკისაც. ღამის თორმეტის-ნახევარი იქნებოდა, უფრო დაიძაბა, აქციის მონაწილეთაგან, ერთ-ერთი პიროვნების მხრიდან გასროლილი პიროტექნიკის შედეგად მივიღე ფეხზე დაზიანება…
ჩვეულებრივი, „სალიუტის“ ვარიანტი რაც არის. მაშხალა… სადაც მე ვიდექი უშუალოდ, იმ ადგილას ჩავარდა და რომ გასკდა „სალიუტი“, იმ გასკდომის შედეგად მივიღე დამწვრობა… რომ გასკდა და გაიშალა, მომხვდა [ნამწვი]“, – განაცხადა გდდ-ის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ვინც ეს ეს დაზიანება მიაყენა, არის ის პირი, ვინც პროცესზე ბრალდებულის სკამზე იჯდა.
21 წლის გიორგი მინდაძეს ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით აქვს წარდგენილი. მას ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.