გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

პუბლიკა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

„როდესაც ირაკლი შაიშმელაშვილს შენ 2 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯი, ადამიანს, რომელმაც აჩვენა ის გამბედაობა და ის პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენ ველოდებით პოლიციელებისგან, რომ არ შეასრულონ უკანონო დავალება, ამხილა ეს რეპრესიული სისტემა, მთელი შიდა ძალიან მძიმე ვითარება და თქვა რომ მე ამას არ გავაკეთებ და წავიდა.

წავიდა, მაგრამ მას დააწიეს სისხლის სამართლის საქმე, სადაც, სხვათა შორის, არ ვიცი უკვე გასაჯაროვდა თუ არა ეს ინფორმაცია, მაგრამ შემიძლია უკვე გითხრათ, რომ მან მიიღო ამერიკის სახელმწიფოსგან პოლიტიკური თავშესაფარი და ჩვენ მივიღეთ ეს ოფიციალური დადასტურება. ვიყავით ამ პროცესთან ძალიან ახლოს, იცით, რომ ჩვენი იურიდიული ჯგუფი მუშაობს მის საქმეზე აქ, ქართულ სასამართლოში, თუმცა გვქონდა ასევე კონტაქტი მის უცხოელ ადვოკატებთან.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმიტომ, რომ ეს პირველი ფაქტია ამ პოლიტიკური დაპატიმრებებიდან, ვინც ეს სტატუსი მიიღო და მიიღო სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა საქართველოში,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ირაკლი შაიშმელაშვილი 2024 წლის 3 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო. მან თანამდებობა საკუთარი პატაკის საფუძველზე, თბილისში მიმდინარე აქციების დარბევის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვა. მოგვიანებით ის ქვეყნიდან წავიდა.

სისტემიდან წასვლისა და ქვეყნის დატოვების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა – 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე.

პროკურატურის პოზიციით, შაიშმელაშვილმა „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა” და ის „ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ, არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა”. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.

7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ირაკლი შაიშმელაშვილთან ერთად 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებულებს: პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო ირაკლი ჩხვირკვიას, ნიკა გვენცაძეს, გური ჟვანიასა და თორნიკე მჭედლიშვილს 5-5 წელი მიესაჯათ.