„გეი ორგიიდან გაქცეული“ ანტიგეი რიტორიკით გამორჩეული ევროპარლამენტარი გადადგა

პუბლიკა

BBC-ის ინფორმაციით, უნგრელმა ევროპარლამენტარმა, რომელიც ლგბტ უფლებების წინააღმდეგ გამოსვლებით გამოირჩევა, თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ბელგიურმა მედიამ მისი „გეი ორგიაში“ მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

იოზეფ საიერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის ერთ-ერთი ლიდერია. BBC-ის ცნობით, ის „ლოქდაუნის“ წესების დარღვევისთვის გამოძახებულმა პოლიციამ შეაჩერა.

პროკურორის განცხადებით, იმ დროს, როდესაც ევროპარალემენტარი თავყრილობიდან გაქცევას შეეცადა, მას თან აღმოაჩნდა ნაკოტიკები.

დეპუტატმა „პირადი შეცდომისთვის“ ბოდიში მოიხადა.

პარასკევს იგი დეპუტატის იმუნიტეტმა დაიცვა, თუმცა ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს – პანდემიის წესების დარღვევისა და ნარკოდანაშაულის მიმართულებით.

ევროპარლამენტის განცხადებით, მას იმუნიტეტი მხოლოდ სადეპუტატო საქმიანობის დროს იცავს და არა პირადი ცხოვრების კუთხით.

რა მოხდა პარასკევს?

როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბრიუსელში მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს ხმაურისა და „ლოქდაუნის“ წესების სავარაუდო დარღვევის გამო.

ბინაში პოლიციამ დაახლოებით 20 ადამიანი იპოვა. მათგან ორს (საიერის გარდა) დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა. როგორც სააგენტო Belga იტყობინება, როდესაც პოლიცია ბინაში შეიჭრა, შეკრებილ ადამიანებს შორის უმრავლესობა კაცი იყო, ზოგიერთი მათგანი კი – შიშველი. ისინი პოლიციამ გააფრთხილა „ლოქდაუნის“ წესების დარღვევის გამო.

საიერი პოლიციის მისვლისას ფანჯრიდან გაიპარა, თუმცა თვითმხილველის დახმარებით დეპუტატი პოლიციამ მალევე იპოვა.

მის ზურგჩანთაში პოლიციამ ნარკოტიკებს მიაკვლია. პროკურორის განცხადებით, კაცს არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენია პოლიციისთვის, ამიტომ ის საკუთარ საცხოვრებელში გადაიყვანეს. დოკუმენტებით ცნობილი გახდა, რომ ეს ადამიანი იყო ევროპარლამენტარი ი.ს.

რა თქვა ევროპარლამენტარმა ინციდენტის შესახებ?

სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში საიერმა დაადასტურა, რომ წვეულებას ნამდვილად ესწრებოდა, თუმცა ის არ აღუწერია.

„მე ნარკოტიკები არ მიმიღია, პოლიციას ვუთხარი, რომ ტესტზე შევემოწმებოდი, თუმცა მათ არ შემამოწმეს“, – თქვა მან.

მისივე თქმით, ჩანთაში ნაპოვნი ექსტაზი თავისი არ არის და არ იცის, „ვინ ჩაუდო“ და რომ, ამის შესახებ უკვე პოლიციაშიც განაცხადა.

„ვწუხვარ, რომ შეკრების წესი დავარღვიე. ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იყო“.


იოზეფ საიერი პარტია Fidesz-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიქტორ ორბანთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირია. პარტია დღესდღეობით „ოჯახური ღირებულებების“ აქტიური დამცველია, Fidesz-ის წევრები ანტილგბტ რიტორიკითაც გამოირჩევიან. ახლახან პარტია ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის შვილის აყვანის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.

BBC-ის ცნობით, საიერმა საკვანძო როლი ითამაშა პარტიის კონსერვატიულად დარჩენაში. საიერის ცოლი ტუნდე ჰანდო ეროვნული სასამართლოების ყოფილი პრეზიდენტია, ახლა კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.