გელათიდან უნდა განვდევნოთ წულუკიანები, მაჯლაჯუნები, ეშმაკები - ხაბეიშვილი

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებთან ერთად რამდენიმე ქალაქში აქციებს მართავს. პარტიის წევრები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ აქციები არ შეწყდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია „მთავარს“ გელათის სამონასტრო კომპლექსიდან ჩაერთო და ისაუბრა იმაზე, რომ თეა წულუკიანი ანადგურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

მან თქვა, რომ პარტიას შეუძლია უზრუნველყოს მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების ჩამოყვანა გელათისთვის.

„ბიძინა ივანიშვილი და თეა წულუკიანი არიან პასუხისმგებელი იმ ვანდალიზმზე, რაც ხდება გელათში. შეგახსენებთ, აქედან ხუთას მეტრში, ცოტა მოშორებით არის ბაგრატი, რომელიც რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და წინა ხელისუფლების პირობებში აღდგა.

ამასობაში ბიძინა ივანიშვილმა ააფეთქა საყდრისი, ანგრევს ეკლესია-მონასტრებს და ფეხებზე ჰკიდია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. აი, აქ, ახლა ანგრევენ გელათს.

მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება ამ კრიმინალებთან… სამწუხაროდ, წულუკიანთან მიწევს ამის  შეთავაზება, რომ უზრუნველვყოფთ საუკეთესო ექსპერტების ჩამოყვანას… ჩვენ უნდა განვდევნოთ ეკლესიიდან, გელათიდან, წულუკიანები, მაჯლაჯუნები, ეშმაკები. ამ ხალხმა არა უნდა დაიბუდოს აქ. წარმოუდგენელი რამე ხდება”, – თქვა მან.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ეს შეთავაზება ან უნდა მიიღოს, ან ქართველ ხალხს ექნება შესაბამისი პასუხი.

დღეს, 9 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა ზესტაფონში, ხელვაჩაურში, მარნეულში, სიღნაღსა და ბორჯომში. აქციებს სხვადასხვა ქალაქში შეუერთდნენ პარტიის ლიდერები. პარტიის თავმჯდომარე აქციას ზესტაფონში შეუერთდა.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, 2 თებერვალს აქცია გაიმართა პრემიერ-მინისტრის სახლთან. 7 თებერვალს აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან. 8 თებერვალს კი იუსტიციის სამინისტროსთან.