„გელათის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაშია“ - 24 ნოემბერს პროფკავშირი აქციას გამართავს

პუბლიკა

დღეს, 19 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის ძეგლთან მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიულმა კავშირმა ბრიფინგი გამართა და გელათის კედლის მხატვრობის გადარჩენის მოთხოვნით აქცია დააანონსა.

როგორც პროფკავშირის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ წიქარიძემ აღნიშნა, აქცია 24 ნოემბერს, შოთა რუსთაველის ძეგლთან გაიმართება. მან კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს მოუწოდა, რომ გაასაჯაროონ გელათის შესახებ არსებული დოკუმენტები და ჩართულ შესაბამისი ექსპერტები. პროფკავშირის წარმომადგენლები გელათის სავალალო მდგომარეობაზე საუბრობენ და პასუხისმგებლობას მინისტრ თეა წულუკიანს აკისრებენ.

„გელათში კატასტროფული მდგომარეობაა, ჩვენ მიგვიწვდება ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტაციაზე, სადაც პირდაპირ წერია და მოუწოდებდნენ თეა წულუკიანს, რომ არ განხორხიელებულიყო ამ ძეგლზე ის სამუშაოები, რომელსაც ისინი აპირებდნენ, თუმცა მათ ყური არ ათხოვეს ამ დარიგებას და მაინც ჩაატარეს ეს სამუშაოები. ახლა კი დღევანდელი მონაცემებით, გელათის კედლის მხატვრობა არის სავალალო მდგომარეობაში, ამიტომ მთელ პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით ვაკისრებთ ქალბატონ თეა წულუკიანს. […] მოვუწოდებთ მთელ საქართველოს, რომ ჩაერთონ და ერთად გადავარჩინოთ ეს ძეგლი. ასევე მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს დესტრუქციული პოლიტიკა კულტურის სამინისტროში ქალბატონი თეას ჩამოშორებით მანაც დაასრულოს“, – განაცხადა ნიკოლოზ წიქარიძემ.

გარდა ამისა, პროფკავშირმა გელათის შესახებ განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გელათის მონასტერში არსებული ამჟამინდელი ვითარება გასაიდუმლოებული და მიუწვდომელია არა მხოლოდ ფართო საზოგადოებისთვის, არამედ დარგის სპეციალისტებისთვისაც. აშკარაა, რომ გელათის სამონასტრო ანსამბლის ღვთისმშობლის შობის ტაძარში ჩატარებულმა საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებმა ვერ შეძლო ტაძრის ცენტრალური სივრცის დასავლეთ მკლავის კედლის მხატვრობაზე წარმოშობილი უმძიმესი დაზიანების შეჩერება და მდგომარეობის გამოსწორება. ეს შეუქცევადი პროცესი კი კიდევ უფრო მძიმე და დრამატულ შედეგამდე მიგვიყვანს.

ზემოთ მოყვანილი ინფორმაციდან და ფაქტებიდან გამომდინარე, მეცნიერების, განათლებისა და კუტურის პროფესიული კავშირის წევრები მოითხოვენ:

  1. პროცესები გახდეს გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის, გასაჯაროვდეს გელათის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის ამჟამინდელი მდგომარეობა;

  2. გასაჯაროვდეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2021-2022 წლებში მოწვეული ექსპერტების მიერ განხორციელებული კვლევითი და ფიზიკური სამუშაოების ამსახველი დოკუმენტაცია;

  3. გასაჯაროვდეს საქართველოს საპატრიარქოს მიერ მოწვეული უცხოელი ექსპერტების დასკვნა გელათის მონასტრის ამჟამინდელი მდგომარეობისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ;

  4. საზოგადოებას და პროფესიულ წრეს მიეწოდოს ინფორმაცია, რა ქმედითი ნაბიჯები გადადგა საქართველოს საპატრიარქომ 2022 წლის მაისში მოწვეული უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის“, – ვკითხულობთ განცხადებაში.