გელათის რებილიტაციის პროცესში შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე პროკურატურას მიმართეს

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირმა“ გელათის რეაბილიტაციის პროცესში შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართეს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, კულტურის პროფკავშირის მიერ მოწოდებული და დამუშავებული საექსპერტო დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2021-2022 წლებში განხორციელებულმა ჩარევებმა გელათის კედლის მხატვრობაზე დამატებითი შეუქცევადი ზიანი გამოიწვია.

„თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული რეკონსტრუქცია-კონსერვაციის სამუშაოების შედეგად დამდგარი ზიანი, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიის გათვალისწინებით, სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალური პროკურატურისთვის მიმართვის საფუძველი გახდა.

მინისტრის მიერ შერჩეულმა ჯგუფმა 2021 წლის ოქტომბერში ჯერ კიდევ გამოუმშრალ, სველ ბათქაშზე განახორციელეს არა მხოლოდ საკონსერვაციო, არამედ სარესტავრაციო სამუშაოებიც, რამაც მოგვიანებით კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაც დადასტურდა სპეციალისტების დასკვნებით“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის განცხადებით, მინისტრი წულუკიანი არაერთი საერთაშორისო საექსპერტო დასკვნით ინფორმირებული იყო იმ მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, რაც შერჩეული მეთოდოლოგიით ძეგლზე განხორციელებულ ჩარევებს მოჰყვებოდა, თუმცა პროცესი 2022 წლის შემოდგომამდე მაინც გრძელდებოდა.

ტაძრის მოხატულობების ისედაც კრიტიკული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. შესაბამისად, ალტერნატიული საექსპერტო დასკვნები მიუთითებდა ძეგლის დაზიანების შესაძლებლობაზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული პასუხისმგებელი პირის მიერ, რისი გათვალისწინებაც მინისტრს ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

ამასთანავე, ძეგლზე ჩარევების განხორციელებამდე არ არსებობდა გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმა და ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალე იყო. შესაბამისად, უფლებამოსილების ამგვარი კონცენტრაციით სამინისტრომ არათუ ვერ უზრუნველყო ძეგლის ეფექტური მოვლა, არამედ ძეგლზე დამატებითი ზიანი გამოიწვია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2020 წელს წულუკიანის მიერ სწორედ გელათში მიმდინარე რეაბილიტაციის მიმართ პარლამენტში გაკეთებული კრიტიკული შეფასებები უძღოდა წინ მის მინისტრად დანიშვნას. ამ დროისთვის პოლიტიკური მნიშვნელობის თემად უკვე ქცეულიყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ წულუკიანი ალტერნატიულ დასკვნებს გაიზიარებდა, იგი ძეგლის გამოშრობას მინიმუმ 3-5 წელი უნდა დალოდებოდა, რა შემთხვევაშიც კულტურის სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური თემის – გელათის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საკითხი დროში გაჭიანურდებოდა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების მიხედვით, კულტურის სფეროში სამინისტროს ამოცანებს განეკუთვნება: კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება/წარმართვა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელი კვალიფიკაციის მქონე პირების გამოვლენა. ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამინისტრო ზედამხედველობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ამასთანავე, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, დაცვას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას.

დამდგარი ზიანი, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიის გათვალისწინებით, სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გელათის სამონასტრო კომპლექსში დარღვევებით ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 2020 წელს გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მიერ ძეგლის დაზიანებისა და თანხების შესაძლო მითვისების საფუძვლით დაიწყო. ამ დრომდე გენერალური პროკურატურა არ აწარმოებს გამოძიებას სავარაუდო სამოხელეო დანაშაულზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მეცნიერები, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურას:

  • დაიწყოს გამოძიება შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე და აწარმოოს იგი ყოველმხრივ და ობიექტურად;
  • გამოძიება წარმართოს მაქსიმალურად დროულად და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება იმ დოზით, რაც არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.