„იმაზე, რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ" - წულუკიანი გელათზე

პუბლიკა

„იმაზე, რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ“, – განაცხადა კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა გელათის რეაბილიტაციაზე საუბრისას.

მისი თქმით, კულტურის სამინისტროს 2022 წლის 3 ოქტომბრიდან მითითება მიეცა, რომ გელათში სამუშაოები აღარ შესრულებულიყო და ამის გამო, ამ დღიდან მოყოლებული წულუკიანისთვის უცნობია „ინსტიტუციურად იქ რა ხორციელდება”.

წულუკიანი ამბობს, რომ აქვს რწმენა იმისა, რომ „იქ ყველაფერი არის კარგად  და იქნება საუკეთესოდ.”

„აქ ბევრს საუბრობენ გელაზე. სამწუხაროდ, მე ღიად გეუბნებით, რომ იმაზე, რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ. ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის 3 ოქტომბრიდან ჩვენ მოგვეცა მითითება, რომ აღარ ვიმუშაოთ გელათში და ამიტომ, 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, არა იმიტომ, რომ რაღაცა შეიძლება არ ვიცი, უბრალოდ უცნობია ჩვენთვის ინსტიტუციურად იქ რა ხორციელდება.

ჩვენ როგორც გვითხრეს, იუნესკო აპირებს ვიზიტს გელათში წელს და მათი დასკვნის მიხედვით გვეცოდინება იქ რა სიტუაციაა. მე, რა თქმა უნდა, მაქვს რწმენა იმისა, რომ იქ ყველაფერი არის კარგად  და იქნება საუკეთესოდ. რაზეც ჩვენ, მე და ჩემი გუნდი სამინიტროში ვაგებთ პასუხს, არის პერიოდი – 2021 წლის მაისიდან 2022 წლის 3 ოქტომბრამდე.

ეს გახლავთ ის დღე, როდესაც ჩვენ მივიღეთ ოფიციალური წერილი და მითითება მესაკუთრისგან, რომ ყველა ტიპის სამუშაო იქ შეჩერებულიყო. 2022 და 2023 წლის ზამთარი როგორ გაიარა ძეგლმა არ ვიცით. არ ვიცით, ნიშნავს არ ვიცით, ეს არც კარგს ნიშნავს, არც ცუდს ნიშნავს, ეს ნიშნავს, უბრალოდ, რომ არ ვიცი, ამას იმიტომ ვამბობ, რომ მისვამენ კითხვას, და როდესაც ვიცი, ვამბობ ვიცი და ვაგებ პასუხს, თავით, სისხლით, ხორცით, მაგრამ როდესაც არ ვიცი – არ ვიცი.

ჩვენ გვაქვს ხელთ მასალები, თუ რა მდგომარეობაში იყო ძეგლი გადაბარების პროცესში, ჩვენ გვაქვს დათარიღებული ვიდეო და ფოტო მასალა, ასევე სკანირების შედეგები და რა თქმა უნდა, წლების შემდეგ, შეიძლება შედარდეს იმ ვითარებას, რა ვითარებაც იქნება ძეგლზე და მერე უკვე ორი ყური ასწიას პრინციპით ბაჭიას შეეძლება გამოიცნოს, ვინ რა გააკეთა და ვინ რა ვერ გააკეთა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა ასევე თქვა, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, ვინც მის მიერ დაქვემდებარებულ სამინისტროს გელათის რეაბილიტაციის პროცესში დაადანაშაულებს, „დასრულდება სასამართლოში”.

„თვითონ პროექტი 2008 წელს შემუშავებული იყო ძალიან ხარვეზიანი, შემდეგ უკვე განხორციელება წარიმართა დიდი ხარვეზებით და 2021 წლის გაზაფხულზე, როდესაც მე დავინიშნე კულტურის მინისტრად, მაშინ რეალურად ტაძარში კვლავ ჩაედინებოდა წყალი. ჩვენ შევაჩერეთ წყლის დენა, ამას ამბობს იუნესკოს დასკვნა.

გამაგრდა რამდენიმე ადგილი კედლის მხატვრობის და როგორც ახლახანს ტელევიზორში ვიხილეთ, ის, რაც ჩვენს დროს გამაგრდა არის ხელშეუხებელი და გადარჩენილი, დანარჩენი რაც არ ვიცი – არ ვიცი.

ამიტომ, მე ვაპირებ და ჩემს თანამშრომლებს აქვთ დავალება, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც ცილს დაგვწამებს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში. იმიტომ, რომ ამის მოთმენას მე პირადად აღარ ვაპირებ“, – განაცხადა წულუკიანმა.

რა მოხდა გელათში?

გელათის სამონასტრო კომპლექსში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. 2018- 2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა.

2021 წლის ივნისში, წულუკიანის გამინისტრებიდან ორ თვეში, იტალიური ასოციაცია „სუარდოს” ექსპერტებმა ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის გეგმა შეადგინეს. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, გელათში გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები დაიწყეს. სამუშაოები მერაბ ბუჩუკურსა და მის გუნდს მიანდეს.

ფრესკების რესტავრაციაზე იტალიური ასოციაციის წარმოდგენილი გეგმა მაშინვე დაიწუნეს ქართველმა ექსპერტებმა. ქართველი სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სველ კედელზე სრული საკონსერვაციო სამუშაოების დაწყება საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა იყო და ძეგლის მდგომარეობას გააუარესებდა. კრიტიკა სამინისტრომ არ გაითვალისწინა და სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოების დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპატრიარქოს მოწვევით გელათში ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ. ექსპერტები სამონასტრო კომპლექსს 2022 წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ. ამერიკელმა ექსპერტებმა საკონსერვაციო – სარესტავრაციო სამუშაოები გააკრიტიკეს, სამუშაოების შეჩერებისა და ახალი გეგმის შექმნის რეკომენდაცია გასცეს.

ამ დასკვნის მომზადებიდან მალევე, ოქტომბრის დასაწყისში, საპატრიარქოს მოთხოვნით კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები შეჩერდა.

ცნობილია, „icomos საქართველოს“ და ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნები. ორივე დასკვნა კრიტიკულად აფასებს მიმდინარე სამუშაოებს და პროფესიონალების მონაწილეობით სამუშაოების თავიდან დაგეგმვის რეკომენდაციას გასცემენ.

ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა 2023 წლის 30 იანვარს გახდა ცნობილი. სამინისტრომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და დასკვნას კვალიფიკაცია აკლია. ჩუბინაშვილის ცენტრს გამოექომაგა საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნა მათი თხოვნით მომზადდა და არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს.

2023 წლის თებერვალში გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქომ გადაიბარა.