საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებს – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ჩვენი დისკუსია დავაფუძნეთ იმ პრობლემებს, რომელთა აღმოფხვრაც ჩემი მინისტრობისას დაიწყო ძალიან აქტიურად გელათის სამონასტრო კომპლექსში. შევთანხმდით შემდეგზე, რომ საქართველოს საპატრიარქო იზიარებს ჩემს ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის პროცესს, კონსერვაციის პროცესსა და რესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება, როგორც კედლის მხატვრობაზე, ასევე გადახურვაზე, სრულად სათავეში ჩაუდგეს საქართველოს საპატრიარქო და სამინისტრო ამ პროცესში წამყვანი აღარ იყოს. ხოლო სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა, გადასცემს საპატრიარქოს და ის ამ ფინანსური რესურსით შეძლებს, წარმართოს პრობლემების აღმოფხვრის პროცესი, როგორც ძირითადი ტაძრის შიგნით და გარშემო, ასევე, სხვა კომპლექსის კომპონენტებთან დაკავშირებით. ვინაიდან, იქ არაერთი სხვა პრობლემაც არის და ამ პრობლემების მოგვარების პროცესი ჩვენ დაწყებული გვქონდა და ამ პრობლემების მოგვარებას გააგრძელებს საქართველოს საპატრიარქო“, – განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის განცხადებით, იმ ლოჯისტიკურ საშუალებებს, რაც ამ პროცესისთვის იქნება საჭირო, კულტურის სამინისტრო საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადასცემს.
„მაგალითად, ის მაღალი სტანდარტის და სიცოცხლისთვის უსაფრთხო, დაახლოებით 900 ათასი ლარის ღირებულების ხარაჩოები, რომლებიც 2021 წლის დეკემბერში შევიძინეთ, ჩვენ მიერ ასევე უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს და რასაკვირველია, ისინი სწორედ ამის წყალობით შეძლებენ, რომ იქ კონსერვაციის სამუშაო სრულფასოვნად წარიმართოს“, – განაცხადა წულიკიანმა.
მისივე თქმით, გელათის შესახებ დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში, მათი თაოსნობით.
„სწორედ იქ შეეძლება ყველა ხელოვნებათმცოდნეს, პროფესიონალს, იმედი მაქვს პოლიტიკისგან დაცლილ დისკუსიაში მონაწილეობა, რადგან გასაგებია, რომ საქართველოს საპატრიარქოში პოლიტიკურ ელემენტს ვერავინ შეიტანს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება სამომავლოდ ძეგლის ინტერესიდან გამომდინარე. ასე განაწილდა პასუხისმგებლობები. მინდა, ჩვენს ეკლესიას, რომლის შვილებიც ვართ ყველანი, გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის პროცესში დიდი წარმატებები ვუსურვო“, – თქვა წულუკიანმა.
14 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათის შესახებ კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა და იუნესკოს ანგარიში შეაფასა.
„იუნესკოს მიერ მოწოდებული ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობიდან და ასევე ზემოთ ნახსენები სხვა საექსპერტო დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება.
მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით“, – ამბობენ საპატრიარქოში.
რა მოხდა გელათში?
გელათი სამონასტრო კომპლექსში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. 2018- 2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა.
2021 წლის ივნისში, წულუკიანის გამინისტრებიდან ორ თვეში, იტალიური ასოციაცია „სუარდოს” ექსპერტებმა ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის გეგმა შეადგინეს. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, გელათში გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები დაიწყეს. სამუშაოები მერაბ ბუჩუკურსა და მის გუნდს მიანდეს.
ფრესკების რესტავრაციაზე იტალიური ასოციაციის წარმოდგენილი გეგმა მაშინვე დაიწუნეს ქართველმა ექსპერტებმა. ქართველი სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სველ კედელზე სრული საკონსერვაციო სამუშაოების დაწყება საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა იყო და ძეგლის მდგომარეობას გააუარესებდა. კრიტიკა სამინისტრომ არ გაითვალისწინა და სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოების დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპატრიარქოს მოწვევით გელათში ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ. ექსპერტები სამონასტრო კომპლექსს 2022 წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ. ამერიკელმა ექსპერტებმა საკონსერვაციო – სარესტავრაციო სამუშაოები გააკრიტიკეს, სამუშაოების შეჩერებისა და ახალი გეგმის შექმნის რეკომენდაცია გასცეს.
ამ დასკვნის მომზადებიდან მალევე, ოქტომბრის დასაწყისში, საპატრიარქოს მოთხოვნით კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები შეჩერდა.
ამავე პერიოდში, კომპლექსის კონსერვაციის საერთო მდგომარეობის შესაფასებლად სამინისტრომ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS-ისა და ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია მოიწვია. მისიამ საქართველო 2022 წლის 2 დეკემბერს დატოვა. UNESCO- ს დასკვნა ჯერ ცნობილი არაა.
უკვე ცნობილია, „icomos საქართველოს“ და ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნები. ორივე დასკვნა კრიტიკულად აფასებს მიმდინარე სამუშაოებს და პროფესიონალების მონაწილეობით სამუშაოების თავიდან დაგეგმვის რეკომენდაციას გასცემენ.
ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა 2023 წლის 30 იანვარს გახდა ცნობილი. სამინისტრომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და დასკვნას კვალიფიკაცია აკლია. ჩუბინაშვილის ცენტრს გამოექომაგა საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნა მათი თხოვნით მომზადდა და არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს.