გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
მათი თქმით, გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, შემსრულებელ კომპანიებს „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ და „იკორთა 2007- ს“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები განესაზღვრათ, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლის გათვალისწინებით 12000 – 12000 ლარს მოიცავს.
„სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ გასულ წელს გაცემული გაფრთხილების მიუხედავად, შემსრულებელმა კომპანიებმა ამ დრომდე ვერ უზრუნველყვეს სანებართვო პირობების გადაცდომით შესრულებული სამუშაოების შედეგების გამოსწორება, რაც მთელ რიგ კონსტრუქციულ ელემენტებზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებდა“, – წერია გავრცელებულ განხცადებაში.
მათი თქმით, ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომების გამო 18 იანვარს მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა.
„დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები ეროვნული სააგენტოს ინიციატივით გუშინ საღამოდანვე დაიწყო და დღეს დასრულდება. აღდგენილი მყარი გადახურვის სათანადო წესით გამაგრების პარალელურად, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის სპეციალისტების ზედამხედველობით გადამოწმდება დროებითი გადახურვის ყველა არეალი. პრევენციული ქმედებებისას შესრულებული სამუშაოების ხარვეზების აღმოფხვრას დღეიდან კომპანია „ბაგინეთი+“ განახორციელებს“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაში აღნიშნულია, სამუშაოების წარმართვას „ფინანსურად სამართლებრივი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები უზრუნველყოფენ“.