„გელოდებით შაბათს თქვენს შვილებთან ერთად“ - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები

პუბლიკა

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით მორიგი საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

მშობლები მეშვიდე დღეა მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათევენ და ყოველ დღე საპროტესტო მსვლელობით მოქალქეებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ.

მშობლებმა დღევანდელ აქციაზე თქვეს, რომ შაბათს, 29 აპრილს,  3 საათზე გაიმართება დიდი აქცია, სადაც ელოდებიან მხარდამჭერებს შვილებთან ერთად.

„ჩვენ აქ ვართ ვისაც ჩვენი გულშემატკივრობა გინდათ, ვისაც ჩვენი მოკითხვა გინდათ, მობრძანდით, 24 საათის განმავლობაში აქ ვართ, ხოლო შაბათს გეხვეწებით ყველას, დედებს, დებს, ძმებს, წამოიყვანეთ თქვენი შვილები, ჩვენც წამოვიყვანთ ჩვენს შვილებს, ერთად, ტკბილად, ხმაურის გარეშე ბევრნი უნდა ვიყოთ. ცოცხალ ჯაჭვს გავაკეთებთ, რომ დაინახონ  – ჩვენ ვერანაირი დაბრკოლება ვერ გაგვწყვეტს. გელოდებით თქვენს შვილებთან ერთად, “- მიმართა ერთ-ერთმა მშობელმა, ქეთევან ბეგიაშვილმა აქციის მონაწილეებს.

დღეს მშობლებმა აქციაზე კვლავ მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. ისინი მოითხოვენ ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც მთავრობა აიღებს ვალდებულებას მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანისა და დაფინანსების შესახებ.