გენდერული თანასწორობის საბჭომ კითხვარი დაამტკიცა, რომლითაც პარლამენტში გენდერულ მგრძნობელობას შეამოწმებენ

პუბლიკა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პარლამენტის გენდერული მგრძნობელობის ინდექსის შესახებ კითხვარი დაამტკიცა.

ამ კითხვარით გენდერული თანასწორობის საბჭო შეამოწმებს პარლამენტის თვითშეფასებას გენდერული მგრძნობელობის კუთხით.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, კითხვარი შედგება 5 მიმართულებისგან, რომელიც მოიცავს 71 კითხვას.

„ეს 5 ბლოკი, ერთი მხრივ, ეხება პარლამენტის პოლიტიკურ შემადგენლობას, მაგალითად, რამდენი ქალია საკანონმდებლო ორგანოში, არიან თუ არა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალები, მათ შორის, არის თუ არა სპიკერი ქალი და სხვა. კითხვარი, ასევე, ითვალისწინებს თავად პარლამენტის აპარატის შესწავლას, ბიუჯეტში გენდერული მიმართულებით კონკრეტული თანხების არსებობას და ა.შ. ამ 71 კითხვაზე პასუხებით, საბოლოო ჯამში, დგება ფარდობითი სახის ინდიკატორი, რომელიც გარკვეული პერიოდულობით მიგვანიშნებს, როგორ იზრდება პარლამენტის გენდერული მგრძნობელობა“, – აღნიშნა საბჭოს თავმჯდომარემ.

მისი თქმით, გენდერული თანასწორობის საბჭომ, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად და მათ მიერ შერჩეული ექსპერტების ჩართულობით, შეისწავლა კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც ეხება პარლამენტის თვითშეფასებას გენდერული მგრძნობელობის კუთხით.