რუსული სამთავრობო მედია TASS წერს, რომ Georgian Airways მოსკოვიდან თბილისის გავლით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტრანზიტულ ფრენას იწყებს.
ფრენა დღეს, 5 ივლისს, დაიწყება და კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ტრანზიტული ბილეთის ფასი, კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 1200-დან 1800 ლარამდეა.
საქართველოს ავიახაზები ნიცის გარდა, ტრანზიტულ ფრენას ახორციელებს მოსკოვიდან პარიზის, ამსტერდამის, ვენის, თესალონიკის, თელ ავივის, მილანის, ბერლინისა და ლარნაკის მიმართულებით.
მოსკოვიდან ნიცას მიმართულებით შემდეგი ფრენა 8 ივლისს არის დაგეგმილი და ბილეთის ფასი $533 დოლარიდან იწყება.
მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდნტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, 2023 წლის 16 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Georgia Airways-ს მისცა ნებართვა, რომ რეისზე თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით ფრენები განახორციელოს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა და თქვა, რომ არ გამოიყენებს სამთავრობო თვითმფრინავს, სანამ ის „საქართველოს ავიახაზების“ ხელშია.
1 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულების თანახმად, უკარინამ 10-წლიანი სანქციები დაუწესა ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს და ასევე, პერსონალური სანქცია დაუწესა ავიაკომპანიის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს.
თავად გაიაშვილმა ფაქტს „აბსურდი” და „უსამართლო” უწოდა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით არ გაჰკვირვებია, თუმცა უკვირს „ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ტაშ-ფანდურა“.