„აბსურდი და უსამართლობაა" - თამაზ გაიაშვილი უკრაინის მიერ სანქციების დაწესებაზე

პუბლიკა

ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი უკრაინის მიერ კომპანიისა და მის მიმართ სანქციების დაწესებას „აბსურდს“ და „უსამართლოს“ უწოდებს. გაიაშვილის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გაიაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით არ გაჰკვირვებია, თუმცა უკვირს „ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ტაშ-ფანდურა“.

მისი განცხადებით, „მსოფლიოს არცერთი ავიაკომპანიის კომპეტენციაში არ შედის ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყებაზე ან შეწყვეტაზე ნებართვის გაცემა“.

„უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ გამკვირვებია. მე საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ის ორკესტრირებული ტაშ-ფანდურა მიკვირს, რომლითაც ისინი ქართული ეროვნული კომპანიებისთვის გარედან თითის ქნევას ეგებებიან. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მოსასვლელად ბრძოლა უკიდურესად რადიკალურ ფორმებს იძენს. ყველაფერზე მიდიან, ოღონდ როგორმე დაამხონ ხელისუფლება და თვითონ აღმოჩნდნენ ქვეყნის სათავეში. თავიანთი ამ არაჯანსაღი მიზნისკენ სავალ გზაზე ისინი ახერხებენ უკრაინის პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანასაც.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოს არცერთი ავიაკომპანიის კომპეტენციაში არ შედის ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყებაზე ან შეწყვეტაზე ნებართვის გაცემა. ყველაფერ ამას ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაზე სამთავრობო ხელშეკრულება არეგულირებს. ჩვენ, როგორც ყველა სხვა კომპანია, ვალდებული ვართ შევასრულოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს.

რაც შემეხება პირადად მე, 2003 წლიდან აღარც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი ვარ და აღარც გენერალური დირექტორი, მე მხოლოდ საფრენოსნო სამსახურის უფროსის თანამდებობა მიკავია. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა. აქვე მინდა გამოვხატო წუხილი იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

რუსეთში ფრენებს ახორციელებენ თურქეთის, არაბული სახელმწიფოების, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მთელი აზიისა და შუა აზიის ავიაკომპანიებიც, რომლებიც ასობით რეისს ასრულებენ. მაგრამ მათ სანქციების დაწესებას ვერ კადრებენ. არც მე და არც „ჯორჯიან ეარვეისს“ პოლიტიკასთან შეხება არ გვაქვს. ჩვენ ოცდაათი წელიწადია კეთილსინდისიერად ვემსახურებით ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას. დასასრულს, იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყება“, – ნათქვამია თამაზ გაიაშვილის განცხადებაში.


გუშინ, 1 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულების თანახმად, უკარინამ  10-წლიანი სანქციები დაუწესა ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს და ასევე, პერსონალური სანქცია დაუწესა ავიაკომპანიის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს.