გერლიანის მეგობრები გამოძიების ოპერატიულად წარმართვასა და მისი ადგილსამყოფლის დროულად პოვნას მოითხოვენ

პუბლიკა

ეკონომიკის ექსპერტის, ლექტორისა და „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტის, რამაზ გერლიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ცენტრის წევრებმა და გერლიანის მეგობრებმა დღეს მედიაცენტრ „მთავარში“ ბრიფინგი გამართეს.

როგორც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის წევრმა, ირაკლი მაკალათიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ – პირველი, ოპერატიულად წარიმართოს საგამოძიებო საქმიანობები და რამაზ გერლიანის ადგილსამყოფელს მიაგნონ დროულად და მეორე, გამოძიება დაიწყოს რამაზ გერლიანის განცხადებასთან დაკავშირებით,  სადაც ის პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე, სავარაუდო მიყურადებასა და თვალთვალზე საუბრობდა.

„მთავარი ნივთმტკიცება არის მობილურში. ჩვენთან პირად საუბარში საუბრობდა, რომ მთავარი ნივთმტკიცებები, აუდიოჩანაწერები ჰქონდა მობილურში და აუცილებელია, რომ ეს მონაცემები გასაჯაროვდეს, ჩვენც დავესწროთ ამ გახსნას. აქ არის კიდევ მეორე საკითხი, არის მეორე მობილური და ლეპტოპი, რაც არა აქვს გამოძიებას, სადაც შესაძლებელია იყოს დამატებითი ინფორმაციები და შეიძლება მას მობილურიდან ნაწილი ინფორმაცია  გადაეტანა კომპიუტერში. ამას ხშირად აკეთებდა და ეს ინფორმაცია უნდა იყოს ობიექტურად შესწავლილი“.

მისივე თქმით, გერლიანი სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებიდან 35 დღის განმავლობაში არაერთხელ მიმართა სამართალდამცველებს და რეაგირებას ითხოვდა, მაგრამ რეაგირება იყო ნული.

„ამას უნდა გაეცეს პასუხი სამართალდამცავების მხრიდან, რატომ არ იყო დროული რეაგირება და რატომ მივიდა ადამიანი იმ ქმედებამდე სანამდეც მივიდა, ეს წერილი რაც დატოვა და ის მდგომარეობა რა მდგომარეობაშიც რამაზი აღმოჩნდა, ამის მთავარი მიზეზი იყო, რომ სამართალდამცველების მხრიდან არ მომხდარა დროული რეაგირება, როცა ის ითხოვდა აღნიშნულ ფაქტზე დროულ რეაგირებას. მათი მხრიდან რეაგირება იყო ნული“.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რამაზ გერლიანის წერილსა და მობილურს სამართალდამცველებმა მის ოფისში მიაკვლიეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Interpresnews-მა გაავრცელა. „პუბლიკას“ კი ინფორმაცია მისმა ძმამ, რომანოზ გერლიანმა დაუდასტურა.

IPN-ის ცნობით, მობილურს, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე იდო, მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი, რითაც პოლიციას გერლიანის ტელეფონის გახსნა შეუძლია. რაც შეეხება წერილს, მოკლე წერილში რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ „ბევრი ითმინა“ და „დაიღალა”. ასევე, მიმართავს შვილებს, რომ უყვარს, ღმერთს კი პატიებას სთხოვს.


რამაზ გერლიანს ოჯახის წევრები და ახლობლები 19 დეკემბრის დილის შემდეგ ვეღარ უკავშირდებიან. გერლიანი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი , სადაც ის პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე, სავარაუდო მიყურადებასა და თვალთვალზე საუბრობდა. „კანონი დუმს… ჩემთვის ყველაფერი სულერთია… ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ…“, – წერდა გერლიანი.

აღსანიშნავია, რომ პოსტი გუშინ, 20 დეკემბრის შუადღიდან სოციალური ქსელში აღარ იძებნება.

გერლიანის გაუჩინარებაზე გამოძიება შსს-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აქვს დაწყებული.